თავდაცვის ყოფილი მინისტრის ნატოში ელჩად დანიშვნას საქართველოს პრეზიდენტი ხელს არ აწერს. ინფორმაციას ჯუანშერ ბურჭულაძე “მთავარ არხს” თავადვე უდასტურებს, თუმცა მიზეზს ვერ ასახელებს.
ბურჭულაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი არც სხვა ელჩების დანიშვნას აწერს ხელს.
“პრეზიდენტი არ აწერს ხელს წარდგენილ ელჩებს საგარეოს მიერ. თუმცა ის გეგმები არ შეცვლილა, მე მზად ვარ, რომ დიპლომატიაში კიდევ ერთხელ ვემსახურო ჩვენს ქვეყანას.
აღარ წარადგენს მე როგორც ვიცი საგარეო, იმიტომ რომ არ აწერს პრეზიდენტი ხელს წარდგენილი ელჩების კანდიდატურებს და შესაბამისად, მე როგორც ვიცი აღარ წარადგენენ. მე როგორც ვიცი, მანამდეც ძალიან იწელებოდა ეს პროცესი პრეზიდენტის მიერ და ამ ბოლო დროს, საერთოდ აღარ აწერს ხელს”, – აცხადებს ბურჭულაძე.
მისივე თქმით, ელჩად მისი კანდიდატურა სხვა ქვეყანაშიც განიხილება, თუმცა სად, არ აკონკრეტებს.
“ჩვენ განვიხილავთ ასევე სხვა ქვეყანაში ელჩობასაც, რა თქმა უნდა, ისევ პარტნიორ ქვეყნებში და მე ჩემს რესურსს გამოვიყენებ მაქსიმალურად, რომ ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმაო ჩვენს პარტნიორებთან”, – აცხადებს ბურჭულაძე “მთავართან”.