23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი მედიის საპროტესტო აქციას შეუერთდა.
მისი თქმით, დღეს ყველა ქართველი რუსთაველის გამზირზე უნდა იდგეს, იმისთვის, რომ ქვეყანას ხელისუფლების მორიგი მსხვერპლი აღარ ჰყავდეს.
“რა თქმა უნდა, ვუერთდები ამ აქციას, ბოლომდე ვიქნები. ახალგაზრდა კაცი, წარმოიდგინეთ, სცემეს და მოკლეს. ამ ქვეყნის ადამიანი, როგორ არ უნდა მოვიდეს და არ უნდა დადგეს აქ. ის უნამუსო იქნება ხო?
ისეთ სცენარებს დგამენ, ჩემი შვილი რომ მოკლეს, თამარ ბაჩალიაშვილი. ზუსტად ისეთი სცენარია. ვითომ აფთიაქებში შევიდა, დადგმული, დამონტაჟებული რაღაცა… ზუსტად ის მანიაკები გამოდიან და იმას შვრებიან, არც სცხვენიათ იმდენად ნამუსგარეცხილები არიან. როდემდე უნდა გაგრძელდეს, ახალგაზრდა გარეთ ვეღარ გადის. დროა, ხალხი დადგეს ფეხზე და ბოლო მოეღოს ამ მანიაკებს, ქვეყნის გამყიდველებს, მკვლელებს, ამოვიდა უკვე ყელში. მოვუწოდებ ხალხს, ყველა უნდა გამოვიდეს და დადგეს აქ.
მალე გაიხსნება ჩემი შვილის საქმე, გახსნაზეა უკვე. დღევანდელი მთავრობისთვის ყველაზე საშიში საქმე ეგ არის, ლილუაშვილისთვის და დანარჩენებს არ დავასახელებ. პასუხს აგებენ აუცილებლად, სანამ ცოცხალი ვარ. მთელი საზოგადოება გვერდით მედგა, როგორც ახლა მე ვუდგავარ. ერთმანეთს უნდა დავუდგეთ მხარში. ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოვსპოთ ესენი”, – აცხადებს ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.