არის თუ არა “ქართული ოცნების“ მოლოდინი ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიმართ რეალისტური და როგორ აპირებს მმართველი გუნდი ორ ქვეყანას შორის არსებული მწვავე ურთიერთობის განმუხტვას? პრემიერი კობახიძე ამბობს, რომ პოლიტიკის გადატვირთვა მოხდება იმ ღირებულებების თანხვედრით, რომელიც “ოცნების“ ხელისუფლებასა და ტრამპს შორის არსებობს.
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი Front News-სთან ინტერვიუში ხელისუფლების ოპტიმიზმს არ იზიარებს. ანალიტიკოსის თქმით, ტრამპის და „ოცნების“ მხოლოდ რამდენიმე სიტყვათა წყობაში თანხვედრა არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკის თანამოაზრეები არიან. გოგოლაშვილი ინტერვიუში საუბრობს იმ გარემოებებზე რის გამოც „ოცნებას“ არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან პოლიტიკის გადატვირთვა მოხდება ან სანქციების მოხსნა შესაძლებელი გახდება.
– დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის შემდეგ, “ქართულ ოცნებას“ აქვს ოპტიმისტური მოლოდინი და აცხადებენ, რომ ტრამპის და მათი ხედვები ბევრ საკითხთან მიმართებაში ერთმანეთს ემთხვევა. შესაბამისად, პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, რომ გადატვირთვის პოლიტიკა სურთ ახალ ადმინისტრაციასთან. რამდენად რეალისტურია ხელისუფლების მოლოდინი?
– მე მგონია, რომ ეს ოპტიმიზმი გამართლებული არ არის, რადგან საინტერესოა ტრამპსა და „ოცნებას“ შორის რა ღირებულებებით თანხვედრაზეა საუბარი. ის, რომ ტრამპმა თავის ინაუგურაციაზე თქვა – ქალი ქალია და კაცი კაციაო, ეს არ არის ის საკითხი, რაშიც მხოლოდ თანხვედრაა საჭირო. ყველამ კარგად იცის, რომ ტრამპი და მისი გარემოცვა, დიდი ხანია, კონსერვატორული იდეოლოგიის მატარებლები არიან. ამ იდეოლოგიით კი საუბარი „ოცნებამ“ სულ ბოლო 2-3 წელია, რაც დაიწყო. თითქოს პოზიციონირებენ ისე, რომ ტრადიციული კონსერვატორული იდეოლოგიის მატარებლები არიან. არადა ამერიკაშიც და ევროპაშიც ყველამ კარგად იცის ესენი არანაირი იდეოლოგიური საფუძვლის მატარებლები არიან. “ოცნება“დღევანდელი ამერიკის რესპუბლიკური ხელისუფლების შეხედულებებთან არ მოდის. ეს მხოლოდ ზედაპირული თანხვედრაა. ავიღოთ მაგალითად ტრამპის დამოკიდებულება მიგრაციასთან და იმიგრაციასთან დაკავშირებით. საქართველოში სრულიად გახსნილია საზღვრები და აქ შემოდის ვისაც უნდა. ხოლო „ოცნების“ პირობებში ჩვენ არ გვინახავს, რომ მიგრაციის შემზღუდველი პოლიტიკა გაეტარებინოთ. პირიქით, როცა რუსი მიგრანტების მოზღვავება მოხდა, ჩვენ საზღვრებთან, მათ შემოსვლაში ხელი შეუწყვეს.
– როგორ ფიქრობთ იქნება თუ არა ბევრი რამ იმაზე დამოკიდებული, რა და როგორ კონტექსტში მოექცევა კავკასია ტრამპის ყურადღების ეპიცენტრში და მათ შორის საქართველო. ალბათ, ნახავდით მეთიუ ბრაიზას ინტერვიუს, სადაც ის ამბობს, რომ თუ თბილისში არ იქნება მასობრივი გამოსვლები, ან რაიმე სახის შეტაკებები ხელისუფლებასთან, მაშინ ნაკლებად ელის, რომ ტრამპის ყურადღება საქართველოზე იქნება მიპყრობილი. თქვენი მოლოდინი როგორია?
– ტრამპის ყურადღების მიპყრობა საქართველოზე აქ მხოლოდ თბილისის ქუჩებში ხალხის გამოსვლაზე და პროცესების დაძაბვაზე არ არის დამოკიდებული. აქ მნიშვნელობა ორიენტაციას აქვს, რომელიც „ოცნებას“ აქვს აღებული. ეს არის რუსეთისკენ ე.წ. დვრისტინგი. „ოცნებამ“ ამას „ბალანსირების“ პოლიტიკა უწოდა, რაც არ მგონია ტრამპისთვის მისაღები იყოს. მან ინაუგურაციაზე ნათლად განაცხადა, რომ სადაც ამერიკა ფეხს დაადგამს, ეს ძალიან მყარად უნდა მოხდეს.
ამიტომ ვეკითხები „ოცნებას“, რამდენად თანხვედრაშია იმასთან, რომ უკვე ევროატლანტიკურ სივრცესთან მყოფი საქართველო, პრაქტიკულად განხილული ყველას მიერ, როგორც ამ სივრცის ნაწილი, უცბად იწყებს საუბარს იმაზე, რომ მე ვიქნები სადღაც თქვენს შორის. ბოლომდე არ ვიქნები არავისთან და თან ამ საუბარში აშკარად იკვეთება იმის პერსპექტივა, რომ ჩინეთი და რუსეთი “ოცნებისთვის“ დომინანტია.
ჩინეთი, რომელიც ცდილობს ევროატლანტიკიდან ქვეყნების გამოგლეჯვას, მაგალითად ბალკანეთში უკვე შესულია, ახლო აღმოსავლეთში ცდილობს გავლენის მოპოვებას. ასევე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაშიც კი ფეხის მოკიდება უნდა. უნგრეთის მაგალითი ავიღოთ. ამ შემთხვევაში, როგორ ფიქრობენ, ტრამპისთვის და მისი პოლიტიკისთვის, ეს არ იქნება ამერიკული ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯები?! „ოცნების“ ლიდერები ამბობენ, რომ ერთნაირი ურთიერთობები უნდა ჰქონდეთ, როგორც ამერიკასთან, ისე ჩინეთთან. პორტებს ჩინელებზე ყიდიან, რუსეთთან ხსნიან ვაჭრობას, რომელიც გაორმაგებულია წინა წლებთან შედარებით. სულ უფრო ფუჭდება ურთიერთობები დასავლეთთან და ა.შ. არა მგონია, რომ ამერიკის ინტერესებში ასეთი არამკვეთრი პოლიტიკა მისაღები იყოს. ასეთ ხელისუფლებასთან ურთიერთობა როგორ გადაიტვირთება, როცა ბოლომდე არ ამბობს, არის თუ არა შენი მოკავშირე.
– თქვენ ახსენეთ საქართველოს რუსეთთან და ჩინეთთან ურთიერთობები. „ქართულ ოცნებას“ აქვს ასეთი არგუმენტები, რომ ტრამპს, რომელიც თავად აპირებს ამ ორ ქვეყანასთან ურთიერთობის დალაგებას, უკრაინის ომის დასრულებას, რატომ უნდა ჰქონდეს საქართველოს ხელისუფლებასთან მათთან ურთიერთობის გამო პრეტენზიები. ასევე ჩინეთთან და რუსეთთან ვაჭრობის კუთხით, ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების მონაცემები მოჰყავს, რომელიც საქართველოსთან შედარებით, ბევრად მეტია. არ არის ეს ის არგუმენტები, რომლის იმედადაც ხელისუფლება უნდა იყოს?
– ამერიკა, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა განაცხადა ახალი ერა იწყება, ეს ქვეყანა 250 წელია, დგას და დაფუძნებულია ღირებულებებზე. ანუ ეს არის დემოკრატიული ლიბერალიზმი, არა აქვს მნიშვნელობა ეს იქნება კონსერვატორული ლიბერალიზმი თუ ლიბერალიზმი კლასიკური გაგებით, ნებისმიერ შემთხვევაში, თავისუფლების იდეა ამერიკაში არ გამქრალა. ამიტომ არანაირი მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ ტრამპი შეძლებს ამის დათრგუნვას და ამერიკას იმპერიად გადააქცევს, რომელსაც მხოლოდ ექსპანსია აინტერესებს და საგარეო პოლიტიკაში მხოლოდ გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მოსაზრებებით იხელმძღვანელებს, არასწორი მიდგომაა.
ძალიან ძნელად წარმოსადგენია, რომ კონგრესმა, სენატმა, ამერიკის ისტებლიშმენტმა ასეთი ტრანსფორმაცია დაუშვას. თვალი დახუჭონ საერთოდ საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების აბსოლუტურ იგნორირებაზე. საქართველოში სასამართლო, რომელიც მმართველ ძალას სრულად არის დაქვემდებარებული, ეს ხომ უფრო ვენესუელის მოდელს ჰგავს. არ მგონია ტრამპი საქართველოს ამ მოდელს მიესალმოს. ასევე ქვეყანაში არსებული პოლიტიკური დისკუსი, რომელიც სრულიად ანტიდასავლური და ანტიდემოკრატიულია. ასევე სამოქალაქო სექტორის დათრგუნვის და საერთოდ განადგურების მცდელობა. ეს ყველანაირ ამერიკულ შეხედულებებს ეწინააღმდეგება. “ოცნებას“ რატომღაც ჰგონია, რომ ერთი ორი ტერმინის რახარუხით, ტრამპის გულს მოიგებს.
– ტრამპის მიერ 90 დღით მსოფლიოს მასშტაბით ამერიკის დაფინანსების შეჩერება მოხდა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ამის შემდეგ, ამერიკული ფულით ენჯეო სექტორი და მასთან აფილირებული ოპოზიციური პარტიები ვეღარ შეძლებენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობას. ეს გადაწყვეტილება საქართველოში პოლიტიკურ პროცესებზე გავლენას მოახდენს?
– ეს არის „ოცნების“ აბსოლუტური დემაგოგია, რადგან სრულიად არასწორია იმ ნარატივის გავრცელება, რომ თითქოს საქართველოში რევოლუციური განწყობები იქმნება იმის გამო, რომ ამერიკიდან ფული შემოდის. ასეთი განცხადება პირდაპირ მიდის მესიჯით, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ამერიკას საქართველოში გადატრიალების მოწყობაში ადანაშაულებს. ეს დემაგოგიურია. მათ არ უნდათ გაიგონ, რომ სამოქალაქო სექტორი, სამოქალაქო თავისუფლებისთვის და უფლებებისთვის იბრძვის. თუნდაც დემოკრატიის ხარისხის ამაღლებისთვის. ეს არის პირიქით “ოცნებისთვის“ დამაზიანებელი განცხადებები.
არანაირ გადატვირთვას არ შეიძლება ადგილი ჰქონდეს ასეთი რიტორიკის დროს. რაც შეეხება იმას, რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება, ეს გამომდინარეობს ტრამპის პრიორიტეტების გადაწყობის მიზნებიდან. ამერიკის რესურსების ხარჯვა საზღვარგარეთ მინიმუმამდე უნდა მოხდეს. ეს გასაგებია და შესაძლოა, ამერიკიდან ნაკლები ფული შემოვიდეს სამოქალაქო მხარდაჭერისთვის, თუმცა მესამე სექტორს ფული საერთოდაც რომ შეუწყდეს, ეს არის იდეოლოგიური ფრონტი რომელიც გახსნილია. ეს არის ხალხი, რომელიც იდეებისთვის იბრძვის და ქვეყნის დემოკრატიის განვითარებისთვის წლებია წვლილი შეაქვთ.
– ხელისუფლებას ასევე აქვს მოლოდინი, რომ სანქციების საკითხი ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გადაიხედება. ოპოზიცია კი პირიქით, ვარაუდობს, რომ შესაძლოა, კიდევ უფრო გამკაცრდეს. თქვენი მოლოდინი როგორია, რაზე იქნება საქართველოს ხელისუფლებისთვის სანქციების მოხსნა დამოკიდებული?
– საქართველოს ხელისუფლებისთვის სანქციების მოხსნაზე საუბარი ჯერჯერობით არ ყოფილა. არც გამკაცრებაზე საუბრობს ვინმე. თუმცა ვნახავთ რა მიდგომა ექნება ამასთან დაკავშირებით ტრამპის ახალ ადმინისტრაციას. სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ახალი დანიშნულია, ამიტომ მისი პრიორიტეტები რა იქნება, რა თანმიმდევრობით განახორციელებს, გამოჩნდება.
ფაქტია, რომ კონგრესში და სენატში ძლევამოსილი წარმომადგენლები არიან, რომლებსაც ეს საკითხები ძალიან კარგად აქვთ წინ წამოწეული. ისინი საქართველოს ხელისუფლებისთვის, სანქციების ასე მარტივად მოხსნას არ დასთანხმდებიან. მათ აქვთ ამისთვის საკმაოდ მყარი არგუმენტები. ამერიკიდან სანქციების მოხსნაზე მხოლოდ “ოცნების“ სწორი ნაბიჯები იმოქმედებს. ეს ნაბიჯები კი იქნება იმაზე დათანხმება, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის, ხელახალი არჩევნები დაინიშნოს. მაგალითად პრემიერი ამბობს, რომ 200-300 კაცი გამოდის გარეთ და მაგათ ჭკუაზე ხომ არ ვივლითო. თუმცა არავინ იცის სიტუაცია როდის აფეთქდება, რა იქნება კიდევ მიზეზი, რის გამოც ეს კრიზისი გამწვავდება. ამიტომ გამოსავალი არის ახალი არჩევნები და “ოცნებიდან“ ყველაზე ჭკვიანი ნაბიჯი სანქციების მოხსნის კუთხით, ეს არის მათი თანხმობა და კონსულტაციები ოპოზიციასთან ახალი არჩევნების ჩატარებაზე. სიტუაცია საკმაოდ ფეთქებადი და დაძაბულია, ამიტომ „ოცნების“ ადგილას ასე მშვიდად არ ვიქნებოდი, რომ ხალხში პროტესტი გაქრა და ხვალ-ზეგ გარეთ არავინ გამოვა.
ელზა პაპოშვილი