spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კახა გოგოლაშვილი – ანაკლიის ოკუპირება იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუ დაიწყო სამხედრო მოქმედებები უკრაინაში და განსაკუთრებით შავ ზღვაში

უკრაინის კრიზისმა ანაკლიის თემა გააქტიურა,  რუსეთის მხრიდან  მის შესაძლო ოკუპაციასა და სამეგრელოში რუსული საოკუპაციო ხაზის გადმოწევაზე, ასევე  ცხინვალის რეგიონის შესაძლო ანექსიაზე, არსებულ საფრთხეებსა და ქვეყნისათვის საჭირო სტრატეგიაზე Front News-ს ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი,  რონდელის ფონდის მკვლევარი  კახა გოგოლაშვილი ესაუბრა.  

 

– ეს სრულიად შესაძლებელია, ასეთი რისკი არსებობს და ყოველთვის არსებობდა. ანაკლიის შემთხვევაშიც შესაძლოა,  ამ რისკის გამო ვერ მოხერხდა დროულად შესაბამისი ოდენობის ინვესტივიების მოზიდვა.  ნათელია, რომ მთავრობაპასიურობდა, და ეს იყო შემაფერხებელი ფაქტორი,  მაგრამ ანაკლიის კონსორციუმმაც ვერ მოახდერხა საკმარისი თანხების მობილიზება. ალბათ, უმთავრესი მიზეზი სწორედ ისაა,  რომ მაღალი რისკის ზონაა და რამდენიმე კილომეტრშია აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრიდან და, შესაბამისად, ოკუპირებული ტერიტორიიდან.  რაც შეეხება ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით თქვენს კითხვას,  ასეთი საფრთხე ნამდვილად არსებობს. თუ დაიწყება ომი უკრაინაში, ან რუსეთი დუმაში  დონბასისა და ლუგანსკის აღიარების საკითხის ინტენსიურად განხილვა, არ არის გამორიცხული,  რომ მანდვე ვინმემ დააყენოს სამხრეთ ოსეთის შემოერთების საკითხიც. ანუ, მორიგი გამწვავების ფონზე  რუსეთს შეუძლია წავიდეს კიდევ უფრო მეტ კონფრონტაციაზე. იცის, რომ ამას შეეწინააღდეგება დასავლეთი, მაგრამ ამას არ მოერიდება.   ანაკლიას რომ დავუბრუნდეთ, – მისი  ოკუპირება იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუ დაიწყო უკრაინაში სამხედრო დაპირისპირება შავ ზღვაში რუსეთის ფლოტის მხარდაჭერით განხორციელდა.. ასეთ შემთხვევაში, ჩემი აზრით, ისინი ჩვენი პორტების ბლოკირებას მოახდენენ, შესაძლოა, მეტიც, ფოთში დესანტიც კი გადასხან, რომ იქ ნატოს ხომალდები ვერ შევიდნენ. ბათუმში, ალბათ,  არა, რადგან იქ თურქეთის ფაქტორია და მას მოერიდებიან. თუ ანაკლია დაიკავეს, მაა ალბათ აღარც დატოვებენ,  ანაკლია სტრატეგიული ადგილია, საქართველოსთვის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შესაძლებლობა  და მოუნდებათ მისი წართმევა.

 

– გვახსოვს ბიძინა ივანიშვილის განცხადება, „რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში“ და ახლა რამდენიმე დღის წინ აშშ-ის ელჩის განცხადება – გულისწყვეტა იმის შესახებ,  რომ ანაკლიის პორტის იდეა განუხორციელებელი დარჩა, რა სტრატეგიული ინტერესების გადაკვეთა მოხდა აქ?

 

– ვვარაუდობ, რომ ანაკლიის პორტის მიმართ ბიძინა  ივანიშვილს ყოველთვის ქონდა შიშები, რომ თუ პორტის მშენებლობა დაიწყებოდა, რუსებს შეიძლება განეხორციელებინათ აგრესია და შეიძლება უკვე აშენებული პორტიც კი წაერთმიათ. არ არის გამორიცხული, რომ ფარული არხებით ბიძინა ივანიშვილს რუსეთიდან აფრთხილებდნენ კიდევაც ამის თაობაზე. ჩვენ ყველაფერს არ გვეუბნებიან სამწუხაროდ, რაც  ცუდია.  უნდა ვიცოდეთ,  რით გვაშანტაჟებს რუსეთი და რა საფრთხეებია. ჯობია, მოსახლეობამ იცოდეს, ჩვენ თუ რუსეთს მძევლად ვყავართ აყვანილი. 

 

– ეს, ალბათ, საიდუმლოც არ არის. 

 

– იცით, როგორი საიდუმლოა, ყველამ რომ იცის და არავინ რომ არ აღიარებს.

 

– რა დატვირთვა შეიძლება ჰქონოდა ანაკლიის პორტს ამ ვითარებაში? 

 

– ამ ვითარებაში ანაკლიის პორტი რომ უკვე მწყობრში ყოფილიყო, ნატოს ჯარებისთვისაც ლოჯისტიკურად საკმაოდ კარგი შესაძლებლობა იქნებოდა.  ეს პორტი რომ აშენებულიყო და იქ მაღალი დონის  დაცვა ყოფილიყო, ვთქვათ, ამერიკული სამხარდეო გემები  – ორი გემიც რომ ჩამდგარიყო, საკმარისი იქნებოდა, რომ რუსებს ვეღარ გაებედათ პორტის ოკუპირება. ახლა კი,  ამ სიტუაციაში, როდესაც იქ არაფერია, 5 წუთში შეუძლიათ ამ ადგილის ოკუპირება. შავი ზღვის დარჩენილი აკვატორიის უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა ამ პორტის არსებობა, ასევე სამხედრო ბაზის მოწყობა,  სადაც შესაძლოა, ყოფილიყო ნატოს გემების მუდმივი  როტაციის ადგილი. ამ შემთხვევაში დაცული იქნებოდა ეს პორტი და ვერავინ გაბედავდა მასზე იერიშის მიტანას. უკრაინის კრიზისმა ეს თემა აქტუალური გახადა.    

 

– ამ ვითარებაში ოპოზიცია აცხადებს, რომ უფრო აქტიური იყოს ხელისუფლება და საქართველოს თემა მიბმული იყოს უკრაინას, ხელისუფლება კი დუმილს ამჯობინებს, როგორ ფიქრობთ რა სტრატეგია უნდა აირჩოს ახლა საქართველოს ხელისუფლებამ? 

 

– რა მოცემულობაც არ უნდა არსებობდეს, ყოველთვის უფრო გონივრულია ღირსეული პოლიტიკა, პრინციპების პოლიტიკა, რადგან ეს არის გრძელვადიანი.  რაც უნდა საფრთხეს  წარმოადგენდეს ახლა რუსეთი, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია აჩვენოს,  თუ  რომელ მხარეს დგას ამ სიტუაციაში. იმიტომ კი არა, რომ ვიღაცა სძულს და და არ ჭირდება.  როგორც მეზობელი რუსეთიც ძალიან გვჭირდება და ამ მხრივ ვაფასებთ, მაგრამ გვძულს,  როგორც აგრესორი და არ შეიძლება მისი მოკავშირე ვიყოთ, ან  დამყვავებელი ამ სიტუაციაში როდესაც ჩვენს პარტნიორებს აგრესიით ემუქრება გაჩუმება უბრალოდ სტრატეგიულად არასწორია.  

 

– უფრო მკაფიო განცხადებები უნდა გაკეთდეს? 

 

– რა თქმა უნდა, უნდა გაკეთდეს მკაფიო განცხადებები. მკაფიო განცხადებებს აკეთებენ ყველაზე პატარა ქვეყნები. მაგალითად,  ესტონეთი ჩვენზე სამჯერ პატარა ქვეყანაა, მაგრამ ამ თვალსაზრისით ყოველთვის მოწინავე ფლანგზეა. მართალია,  ნატოს წევრია და უფრო დაცულია, ვიდრე საქართველო, მაგრამ რაც უფრო გაბედულად იქცევი, მით უფრო გიცავენ.  ამიტომ სტრატეგიულად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია,  რომ მკაფიო განცხადებები გავაკეთოთ მაინც და რაღაც დახმარებაც აღმოვუჩინოთ უკრაინას. 

 

ირინა მაკარიძე 

Front News

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები