ნებისმიერ შემთხვევაში, ამ კანონს კატასტროფული შედეგი ექნება ჩვენთვის და ამ კანონის მიღების პარალელურად, თუ “ოცნებამ” არჩევნებში გაიმარჯვა, მაშინ უნდა დავემშვიდობოთ ნებისმიერ წინსვლას ევროკავშირის გზაზე, მომავალი 4 წლის განმავლობაში, – ამის შესახებ Front News-თან ინტერვიუში ექსპერტმა კახა გოგოლაშვილმა განაცხადა.
– ხელისუფლების მიერ ინიციირებული და მიღებული კანონის შემდეგ ქვეყანა საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა, ადგილი აქვს დაპირისპირებებს, მათ შორის ფიზიკურ თავდასხმებს. როგორ ფიქრობთ, რამდენად სახიფათოა არსებული პროცესები ქვეყნის ევროინტეგრაციისკენ გზაზე? შეუქმნის თუ არა საფრთხეს შექმნილი ვითარება დეკემბერში მოლაპარაკებების გახსნის შესაძლებლობას ან სტატუსის დაკარგვას?
– დეკემბერში მოლაპარაკებების გახსნის მხოლოდ შესაძლებლობა არსებობდა და ეს შესაძლებლობა საკმაოდ მაღალი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ კანონს უკან გაიწვევდნენ.
კანონის უკან გაწვევის შემთხვევაში ევროკავშირი, პრაქტიკულად, დაგვასაჩუქრებდა იმით, რომ მოლაპარაკებების გახსნაზე თანხმობას განაცხადებდა, მიუხედავად იმისა, რომ 9 ნაბიჯიდან, პრაქტიკულად, არაფერი გაკეთებულა. თუმცა, იქაც იქნებოდა პირობები დადებული – გახსნიან მოლაპარაკებებს, როგორც კი საქართველო ამ 9 ნაბიჯს შეასრულებს. ამ კონტექსტში კი, ერთი ნაბიჯით წინ წავიწევდით.
რაც შეეხება ამ კანონის მიღების შედეგს. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ კანონის მიღებას კატასტროფული შედეგი ექნება ჩვენთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არ ვიცით, როგორ დამთავრდება არჩევნები. თუ არჩევნები დასრულდება ოპოზიციური ძალების გამარჯვებით, რომლებიც პროევროპულები არიან მთლიანობაში, მაშინ შეიძლება, კანონის უარყოფითი ეფექტი არჩევნების შედეგმა წაშალოს, ყველაფერი ჩადგეს ნორმალურ კალაპოტში და ჩვენ გავაგრძელოთ ევროპული ინტეგრაცია. მაგრამ თუ ამ კანონის მიღების პარალელურად, “ოცნებამ” არჩევნებში გაიმარჯვა, მაშინ უნდა დავემშვიდობოთ ნებისმიერ წინსვლას ევროკავშირის გზაზე, მომავალი 4 წლის განმავლობაში.
– მიუხედავად კანონის გაწვევისა, არჩევნებში “ოცნების” გამარჯვების შემთხვევაში, მაინც ეს შედეგი დადგება?
– “ოცნების” გამარჯვების შემთხვევის შემდეგ კანონის გაწვევის შესაძლებლობა იქნება ძალიან დაბალი და რომც გაიწვიონ, აღარ იქნება ნდობა ქვეყნის მიმართ ევროკავშირისგან და ისინი კიდევ უფრო მკაცრად მოგვთხოვენ პირობების შესრულებას, მათ შორის, ვეტინგის.
ვეტინგს მოითხოვენ თავიდან და “ოცნება” ისევ უარზე იქნება, ამიტომ, იქ წინსვლის შესაძლებლობა, პრაქტიკულად, ჩვენ არ გვექნება. “ოცნება” გამარჯვების შემთხვევაში იმ ძირითად ნორმებზე არ დათანხმდება.
თუ პოლიტიკას შეიცვლიან, შესაძლოა, გაჩნდეს რაღაც შესაძლებლობები, თუმცა, ნდობის აღდგენას ძალიან დიდი პერიოდი სჭირდება, მაგრამ პოლიტიკის ასეთი მკვეთრი შეცვლა ვერ წარმომიდგენია იმიტომ, რომ იქ საუბარია ანტიკორუფციული სისტემის გამართულ, დამოუკიდებელ მუშაობაზე, რაც “ოცნებას” არ აწყობს და მეორე – ეს არის სასამართლო რეფორმა თავისივე ვეტინგით, რისი გამკეთებელიც “ოცნება” არ არის. ამიტომ, მე ძალიან მეპარება ეჭვი, რომ “ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში რაღაც ეშველოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს. ყველაზე მინიმალური ზიანი, რაც შეიძლება, ჩვენ განვიცადოთ, არის ის, რომ ეს უვიზო მიმოსვლა დარჩეს ისე, როგორც არის და კანდიდატის სტატუსი არ წაგვართვან, მაგრამ შეიძლება, შემცირდეს ჩვენ მიმართ დახმარება.
– რაც შეეხება სანქციებს, თითქოს უკვე განსაზღვრულიც კი არის, ვინ შეიძლება დასანქცირდეს აშშ-ისგან. როგორ ფიქრობთ, ეს საფრთხე შეაშინებს თუ არა მმართველ გუნდს და ექნება თუ არა ამას გავლენა ხელისუფლების მაღალჩინოსნებსა და მათ პოლიტიკაზე?
– მე მგონია, რომ თუ რეალური სანქციები დაუწესდათ, აუცილებლად იმოქმედებს. ეს “ოცნებაში” აუცილებლად შეიტანს განხეთქილებას, იმიტომ, რომ ზოგს შეიძლება, სანქციები არ აწუხებდეს, მაგრამ ზოგს ეს მოხვდება ძალიან სერიოზულად. ამიტომ, “ოცნებაში” განხეთქილებას აუცილებლად შეიტანს სანქციები. ეს დაასუსტებს “ოცნებას”, განსაკუთრებით არჩევნების წინ რეიტინგს მნიშვნელოვნად დაუკარგავს, რაც აშკარაა.
– პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ემანუელ მაკრონი საქართველოში მოიწვია, იმ შემთხვევაში, თუ საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოში ჩამოვა, როგორ ფიქრობთ, რისი მომტანი იქნება ეს ქვეყნისთვის, თუ გათვალისწინებით იმას, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოში რამდენიმე ქვეყნის მაღალჩინოსნის ვიზიტი და მათი სპეციალური ბრიფინგები ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ უარყოფითად შეფასდა?
– ძალიან საეჭვოა, რომ მაკრონის ვიზიტმაც რაღაც შეცვალოს. ერთადერთი, რასაც შეიძლება ხელისუფლება მაკრონს დაჰპირდეს, არის, რომ არჩევნებამდე არ დაძლევენ ვეტოს, მაგრამ ეს შესაძლოა, გადაწყვეტილიც ჰქონდეთ უკვე, რომ არჩევნებამდე ვითარება არ დაძაბონ და უმართავი არ გახდეს პროცესები მთლიანად, შესაძლოა, რომ ეს ვეტო “ჩამოკიდონ ჰაერში”. ერთადერთი ეს შეიძლება აჩვენონ ემანუელ მაკრონს. შეიძლება ასეთი კომპრომისი მოხდეს ემანუელ მაკრონის საქართველოში ვიზიტის შემთხვევაში.
– როგორ უნდა იმოქმედოს ოპოზიციურმა სპექტრმა იმისათვის, რომ როგორც მინიმუმ, ევროკავშირის სტატუსი შევინარჩუნოთ. რა როლი აქვს ასეთ დროს ოპოზიციას?
– მე მგონია, რომ ოპოზიციას სჭირდება კონსოლიდაცია, გაერთიანება. უნდა შექმნან ისეთი გაერთიანებები, რომლებიც ერთ ხმასაც კი არ დააკარგვინებენ ოპოზიციას და ყველა მოხვდება პარლამენტში. იმ ოპოზიციურმა პარტიებმა კი, რომლებსაც არ აქვთ შანსი, რომ გადალახონ 5%-იანი ბარიერი, აუცილებლად უნდა ეძებონ გზები უფრო დიდ პარტიებთან გასაერთიანებლად. მომხდარი კონსოლიდაციის შემთხვევაში კი უნდა მოხდეს ერთიანი, დამოუკიდებელი ოპოზიციური ფრონტი. ეს ოპოზიციური ფრონტი კი უნდა იყოს ევროპისკენ მიმართული. ეს უნდა იყოს აშკარა, რომ განსხვავებას ხედავდეს მოსახლეობა.
რაც შეეხება “ნაცებთან” არ გავერთიანდებით და ასე შემდეგ, ამ შეხედულების ნიველირება უნდა მოხდეს, რადგან ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს შეხედულება, ეს ილუზია “ოცნებამ” შექმნა.
“ნაცები” როგორიც იყვნენ აქამდე, რა გადაცდომებიც ჰქონდათ, აღარ არის. “ნაციონალური მოძრაობა” გაიზარდა, მათი 70% წარმოადგენს ახალ სახეს, ახალ ხალხს, რომელთაც თავიანთი კარიერა დამძიმებული აღარ აქვთ იმ გადაწყვეტილებებით, რომლებიც ბოლო ხანებში ხდებოდა სააკაშვილის დროს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ “ნაცები” მაშინ იყვნენ ცუდები, როცა აბსოლუტური ძალაუფლება ჰქონდათ.
ნებისმიერი ქართული პარტია დღეს სიმპათიურად რომ შეიძლება გვესახებოდეს, ხელისუფლებაში აბსოლუტური ძალაუფლების ქონის შემთხვევაში, ეს იქნება საკონსტიტუციო თუ არამარტო საკონსტიტუციო, უარყოფით შედეგს მოიტანს.
ეს უნდა ესმოდეს ყველას, რომ ისე უნდა გადანაწილდეს პარტიები, არავის არ ჰქონდეს უმრავლესობა. თუ უმრავლესობა არავის ექნება, არც დეგრადაცია იქნება ისევ ისეთი, როგორიც მოუვიდა “ქართულ ოცნებას”, როგორიც მოუვიდა “ნაციონალურ მოძრაობას”, შევარდნაძეს, გამსახურდიას. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში ბოროტება იბადება იქ, სადაც აბსოლუტური უმრავლესობა ეძლევა ერთ რომელიმე აქტორს. მათ ავიწყდებათ დაპირებები, კეთილი განზრახვები, რაც სამწუხაროდ, ფაქტია. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ კოალიციური და პროევროპული მმართველობა იყოს.
თინათინ ლობჯანიძე
Front News