ტრამპი ცდილობს, რაიმე სახის მოჩვენებითი მშვიდობით დაიმკვიდროს ყოვლისშემძლე წარმატებული პოლიტიკოსის იმიჯი, – ამის შესახებ ექსპერტმა კახა გოგოლაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მსოფლიომ უნდა ილოცოს იმისთვის, რომ ზელენსკი არ გატყდეს.
“როგორც ჩანს, ტრამპი ცდილობს რაიმე სახის მოჩვენებითი მშვიდობით, დაიმკვიდროს ყოვლისშემძლე წარმატებული პოლიტიკოსის იმიჯი – ბაიდენმა და დემოკრატებმა ომი წამოიწყეს და მე კი ის ერთი ხელის მოსმით დავამთავრეო. ის პუტინისგან მიიღებს გარანტიებს, რომ მომავალი ორი წლის განმავლობაში უკრაინას თავს აღარ დაესხმება. ამით, ის მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რესპუბლიკელების უმრავლესობაში დარჩენას კონგრესსა და სენატში. ტრამპს სწორედ ამ შუალედური არჩევნების ეშინია ყველაზე ძალიან, რადგან შეიძლება ორ წელიწადში, დემოკრატების გამარჯვების შემთხვევაში, აბსოლუტური ძალაუფლება, რომელსაც ახლა ფლობს, დაკარგოს. ამიტომ ის მზად არის გაწიროს უკრაინელების სასიცოცხლო ინტერესი, მათი ტერიტორიული მთლიანობა, თავდაცვის უფლება, ევროატლანტიკური ინტეგრაცია, კეთილდღეობა.
ჯერჯერობით ტრამპისტების გლობალური კლუბის გათვლები ვერ მართლდება, რადგან ევროპა მთლიანად ზელენსკის მხარესაა, ისევე როგორც უკრაინელების დიდი ნაწილი. მსოფლიომ კი უნდა ილოცოს იმისთვის, რომ ზელენსკი არ გატყდეს, რადგან მხოლოდ ეს მოუტანს დემოკრატებს ინსტიტუტებში დაბრუნების შანსს, ევროატლანტიკურ ერთობას გამთლიანების შესაძლებლობას და პუტინს საბოლოო დამარცხებას”, – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.