“ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გვინდა მშვიდობით და არა ომით, ბოროტებით, როგორც ეს რადიკალურ ოპოზიციას წარმოუდგენია“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომელიც უნდა გადაიდგას აფხაზ და ოს ხალხთან შერიგების მიზნით.
„ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ ამ თემაზე. პარტიის დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ვრცლად ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომლის გადადგმაც მნიშვნელოვანია, რათა მოხდეს შერიგება, ურთიერთპატიება. სხვანაირად შეუძლებელია. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ნდობა ერთმანეთის მიმართ და ერთად ვიცხოვროთ. ყველაფერი სწორად უნდა გავაანალიზოთ. შეცდომები ჩვენც გვაქვს დაშვებული და გვინდა, რომ ამ ურთიერთშერიგებისთვის გადავდგათ ნაბიჯები. მოვახდინოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მშვიდობიანი თანაცხოვრება. ჩვენ ამის მიღწევა გვინდა მშვიდობით და არა ომით, ბოროტებით, როგორც ეს რადიკალურ ოპოზიციას წარმოუდგენია“, – განაცხადა კალაძემ.
გარდა ამისა, თბილისის მერმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადება არის პოზიტიური, თუმცა, ამას უნდა მოჰყვეს ქმედითი ნაბიჯები, მათ შორის, დეოკუპაცია.
“რაც შეეხება შერიგებას, ცუდი რა არის ამ პროცესში? პოზიტიურია ის ფაქტი, რომ ისინი ხელს შეუწყობენ შერიგების პროცესს. ვფიქრობ, რომ ყველა აცნობიერებს დაშვებულ შეცდომებს, რომელიც წლების წინ მოხდა. ჩვენ არ უნდა მოგვერიდოს ამაზე საუბარი და იმ მოჯადოებული წრიდან გამოსვლა, რომელიც დესტრუქციულმა, რადიკალურმა და ბოროტმა ძალამ – “ნაციონალურმა მოძრაობამ“ შექმნა. მათ მეორე ვირტუალური სამყარო შეგვიქმნეს თავის პატრონებთან ერთად და მოჯადოებულ წრეზე გვატარებდნენ. სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ.
განცხადება პოზიტიურია, თუმცა, ამის პარალელურად ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. აფხაზეთში არის რუსული ბაზები. თუნდაც, დავიწყოთ საუბარი სამოქმედო გეგმის შექმნაზე, რათა მოხდეს დეოკუპაცია, ჯარების გაყვანა. არ მეგულება არცერთი ადამიანი, ვისაც სამშობლო უყვარს, რომ მისი ოცნება არ იყოს ქვეყნის გამთლიანება“, – განაცხადა კალაძემ.