“ისინი არიან მოღალატეები, მათი პოლიტიკა გაჯერებულია სიძულვილით, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით და ამ ყველაფრის შეფასება ისევ საზოგადოებისთვის მიმინდვია”, – დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ასე შეაფასა ოპოზიციური ძალები თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
როგორც მან აღნიშნა, ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერონ და ამ მიზნით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ანტისახელმწიფოებრივი წერილი საიდუმლოდ გაუგზავნეს.
“ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა, რითაც საარჩევნო პერიოდი დასრულდა. მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო საქართველოს მოსახლეობას არჩევნების წარმატებით ჩატარება, რომელიც სრულად დემოკრატიულ, სამართლიან გარემოში წარიმართა. ყველას ჰქონდა შესაძლებლობა, ჩაეტარებინა საარჩევნო კამპანია, ეწარმოებინა ხალხთან შეხვედრები. არჩევნები იყო მრავალპარტიული და მოსახლეობას ჰქონდა არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც არჩევნებში მონაწილეობა მიიღო. განსაკუთრებული მადლობა 1 200 000-ს მოქალაქეს, ვინც აირჩია ქვეყანაში მშვიდობა, განვითარება, წინსვლა და ამ პროცესებს ვერაფერი შეაჩერებს.
აქვე შევეხები ახლახან გავრცელებულ ინფორმაციას. რადიკალურმა ოპოზიციის წარმომადგენელმა ოთხმა პარტიამ (“ნაციონალურმა მოძრაობამ“, “ახალმა“, “ლელომ“ და “გახარია საქართველოსთვის”) ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ანტისახელმწიფოებრივი წერილი საიდუმლოდ გაუგზავნეს. ინფორმაცია მათივე პარტიის წარმომადგენლებმა მოგვაწოდეს.
წერილში წერია: გადაიდოს საქართველო-ევროკავშირის ასოცირებული საბჭოს შეხვედრები, შეჩერდეს ყველა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი, გაიყინოს ტექნიკური თანამშრომლობის მექანიზმები, შეჩერდეს 120 მილიონი ევროს ოდენობის ყოველწლიური ფინანსური დახმარების გამოყოფა საქართველოსთვის და ეს თანხები გადანაწილდეს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ე.წ. დამოუკიდებელ მედიაზე, შეიქმნას სამოქალაქო ორგანიზაციების პირდაპირი დაფინანსების მექანიზმი.
რადიკალები საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებას და საქართველოსთან ყველა დონეზე ურთიერთობის შეჩერებას მოითხოვენ. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისთვის გაგზავნილ ანტისახელმწიფოებრივ წერილში, ისინი მოუწოდებენ ევროკავშირს 30 დღის განმავლობაში დააინიციირონ სპეციალური მისია“, – განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, ხელისუფლება არ დაუშვებს ოპოზიციის გეგმების განხორციელებას და ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანაში მშვიდობა შენარჩუნდეს.
“ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ისინი არიან რადიკალური ძალები, რომლებიც ქართულ სახელმწიფოებრიობას ებრძვიან, ისინი ბრიუსელში დარბოდნენ, როცა ასოცირების ხელშეკრულებას ვაწერდით ხელს; კაბინეტებში დარბოდნენ, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი გაჩერებულიყო; ასევე, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პირდაპირ ჰქონდათ მოწოდებები, რომ ჩვენ ამ სტატუსს არ ვიმსახურებდით. ისინი არიან მოღალატეები, მათი პოლიტიკა გაჯერებულია სიძულვილით, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით და ამ ყველაფრის შეფასება ისევ საზოგადოებისთვის მიმინდვია. აღარავისთვის არის უცხო, როგორ ოპოზიციურ ძალასთან გვაქვს საქმე – ქვეყნის და საკუთარი მოსახლეობის ღალატი მათი გაცხადებული პოლიტიკაა.
რასაკვირველია, როგორც აქამდე, არც აწი დავუშვებთ მათი გეგმების განხორციელებას. დღეს ხელისუფლება, რომელსაც აქვს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სრული მხარდაჭერა, არის ძლიერი და შესწევს უნარი დაიცვას ქვეყანა არეულობისგან. აქვს ძალა, რომ ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს, შემოტევების და მუქარების მიუხედავად. დაიცვას საქართველოს ინტერესი, ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება, აღმშენებლობა და წინსვლა“, – განაცხადა კალაძემ.