თბილისის მერი კახა კალაძე შეუძლებლად მიიჩნევს, რომ ელექტრონული სისტემის პირობებში ვინმემ არჩევნების შედეგი გააყალბოს.
როგორც მან დღეს ჟურნალისტებს ოპოზიციის წარმომადგენლების შესაბამისი განცხადებების პასუხად განუცხადა, ამის შესაძლებლობა ბუნებაში არ არსებობს.
“წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო, ზუსტად ისეა მათი მდგომარეობა. ხავსიც აღარ დარჩათ უკვე. რას ეკიდებიან, თვითონაც არ იციან. წარმოუდგენელია, შეუძლებელია ამ ელექტრონული სისტემით ვინმემ რაიმე გააყალბოს. ამის შესაძლებლობა ბუნებაში არ არსებობს. თეთრზე გვიმტკიცებენ, შავიაო. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავიცავთ იმ 1 120 000 ადამიანის განწყობას, დამოკიდებულებას და ყოველთვის ვიქნებით ჩვენი ქვეყნის სამსახურში“, – განაცხადა კახა კალაძემ.