spot_img
spot_imgspot_img
spot_img

კახა კუჭავა – არასწორი ინფორმაციაა, თითქოს რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციას ავუკრძალე შემოსვლა, მოემართათ

არასწორი ინფორმაციაა, თითქოს რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციას ავუკრძალე შემოსვლა, შეეძლოთ, მოემართათ, ახალი არ არის, როდესაც საფრთხე ექმნება სხდომის ჩატარებას, აუცილებელია უსაფრთხოების ზომები იქნას მიღებული, – ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატ ხათუნა სამნიძეს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პარლამენტთან გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით.

 

​კახა კუჭავას თქმით, პრესკონფერენციას ნებისმიერი ჩაატარებს, თუ ამის სურვილი ექნება.

 

“ზოგადად, მოქმედებს წესი, რომელიც არ არის ახალი და არ ხდება მხოლოდ დღეს ან გუშინ, როდესაც საფრთხე ექმნება სხდომის ჩატარებას, აუცილებელია უსაფრთხოების ზომები იქნას მიღებული. ამის სამწუხარო პრეცედენტი ჩვენ გვქონდა, მათ შორის, უშუალოდ დეპუტატების მონაწილეობით. ამიტომ, არავის კონკრეტულად შეზღუდვა არ ჰქონია, შეიზღუდა ვიზიტორების შემოსვლა, როგორც ხდება ბოლო ორი რიგგარეშე სხდომის მსვლელობის დროს. არაფერი ახალი ამაში არ არის. ეს შეიძლება, განხორციელდეს ნებისმიერ დროს, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ არის მიზანმიმართული მცდელობა და გვახსოვს, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებები, ვახტანგ გომელაურის მოსმენა. მისთვის კითხვების დასმა მათ არ სურდათ, უნდოდათ, სხდომა ჩაეშალათ, ეს არის სამწუხარო რეალობა. ამას თვალი უნდა გავუსწოროთ და ამას ხალხიც ხედავს. როდესაც იქნება მსგავსი შემთხვევა, ყოველთვის მზად ვარ, ინდივიდუალურადაც განვიხილო და ნებისმიერს მიეცეს საშუალება, საპარლამენტო ფორმატი გამოიყენოს, თუ შესაბამისი წესრიგი იქნება და არანაირი პრობლემა არ მაქვს არც ერთ იმ ორგანიზაციასთან, რომელიც ჩამოთვალეთ და ნამდვილად მივესალმები ნინო წილოსანის შემოთავაზებას, განხილული იქნას ეს საკითხი და შემდეგ გაკეთდეს განცხადებებიც, დაგმობაც და ასე შემდეგ – ყველაფერი, რაც საჭირო იქნება“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

 

ამასთან, კახა კუჭავამ კითხვა დაუსვა ხათუნა სამნიძეს, ბოლო ორ რიგგარეშე სხდომაზე რაც ხდება, არის თუ არა ეს მისაღები მისთვის.

 

„ფაქტი ერთია, თქვენ, პროევროპელი და გამოცდილებაც იცით სხვა ქვეყნებში, ის, რაც ბოლო ორი რიგგარეშე სხდომის დროს ხდება, მათ შორის, ძალადობაზე რომ ლაპარაკობთ ან ძალის გამოყენებაზე, მისაღები რამენაირად არის? ეთიკის საბჭო, წერილს რაც შეეხება, აუცილებელია, რომ ეს გადაეცეს ეთიკის საბჭოს. საბჭომ განიხილოს და ეს იყოს ტრანსპარენტული და გამჭვირვალე პროცესი, რომ საბოლოოდ მოხდეს განხილვა იმ საკითხის, მით უმეტეს, როდესაც მეორე ფორმატიცაა შემოთავაზებული გენდერული საბჭოს ფორმატში, სადაც ყველა ეს არასამთავრობო ორგანიზაცია, არა მხოლოდ განცხადებას გააკეთებს, არამედ მონაწილეობას მიიღებს ამ პროცესში. ეს არის პროცესი, როგორც უნდა წავიდეთ წინ და შემდეგ მოხდეს დასკვნების გამოტანა და დაგმობა, რომელიც ნამდვილად გეთანხმებით, საერთოდ არ მინდა, მე ვხედავდე ნებისმიერი სახის ძალადობას პარლამენტის შენობაში“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

 

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტთან დღეს განცხადება გააკეთეს და კახა კუჭავას მიმართეს, „მიიღოს სათანადო ზომები პარლამენტის იმ წევრების წინააღმდეგ, რომლებმაც 18 ივლისს ქალი პარლამენტის წევრების მიმართ ძალა გამოიყენეს“.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები