საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ 5 ივლისს განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ დაგმო და განაცხადა, რომ ძალადობრივი ქმედებების გამართლება და კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების შეზღუდვა, დაუშვებელია.
“რაც უფრო მეტად უახლოვდება საქართველო ევროპას, მით უფრო აგრესიულები ხდებიან ის ძალები, რომლებსაც სურთ, რომ საქართველო ევროატლანტიკურ გზაზე წარუმატებელი იყოს. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ვიხილეთ 5 ივლისს, როცა მოვლენები ყველაზე სამწუხარო სცენარით განვითარდა და ჩვენ ვნახეთ ძალადობა თბილისის ქუჩებში. ძალადობა და სიძულვილი მოდიოდა მათგან, ვისაც ზურგს უმაგრებენ რუსული ძალები და მათი ქმედებები სრულად ეწინააღმდეგებოდა ქართველი ხალხის ღირებულებებზე დაფუძნებულ არჩევანს, რაც არის ევროპასთან დაახლოება.
მოძალადე ბრბოს წევრთაგან ბევრი დააპატიმრეს და გამოძიების გაგრძელებასთან ერთად დაპატიმრებულთა რიცხვი გაიზრდება. ჩვენ ყველა შეძრულები ვართ ლექსო ლაშქარავას სიკვდილის გამო, ოპერატორის, რომელსაც სასტიკად სცემეს მოძალადე ბრბოს წევრებმა 5 ივლისს. მიმდინარე გამოძიება დაადგენს სიკვდილის მიზეზს, გამოძიება უნდა ჩატარდეს სწრაფად და გამჭვირვალედ. საზოგადოებას უნდა მიეწოდოს ამ გამოძიების დეტალები. თუ საჭირო გახდება გამოძიებასთან დაშვებულები იქნებიან საერთაშორისო ექსპერტები, რათა მისი სანდოობა უზრუნველყოფილი იყოს. საქართველოს პარლამენტი მზადაა ამ პროცესში ჩართულობისთვის ყველა შესაძლო მექანიზმით, რომელიც მისთვისაა ხელმისაწვდომი. მე კიდევ ერთხელ მივუსამძიმრებ ლექსო ლაშქარავას ოჯახსა და კოლეგებს, სოლიდარობას გამოვუცხადებ მათ.
ძალადობრივი ქმედებების გამართლება და კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების შეზღუდვა დაუშვებელია. ეს უფლებები მოპოვებულია ტკივილითა და სისხლით, მიუხედავად ძალზედ ტურბულენტური რეგიონული და საერთაშორისო მოვლენებისა, ეს უფლებები არ და ვერ იქნება კომპრომიტირებული. კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ყველა, ვინც სამარცხვინო ძალადობაში მონაწილეობდა, გამოვლინდება და მართლმსაჯულების წინაშე წარდგება”, – განაცხადა კუჭავამ.