ეს ოთხეული საკუთარ აზრებს არ აჟღერებს, ფოსტალიონის როლში და წერილის ავტორი ჩვენი აზრით, არის ბატონი ივანიშვილი, პირველ რიგში, ის უნდა გამოვიდეს და თქვას, საერთოდ რა უნდა, – ასე გამოეხმაურა პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი კახა ქემოკლიძე 4 დეპუტატის მორიგ წერილს.
“ამ წერილებით, ამ ადამიანების ხელით რომ ავრცელებს, თქვას რისი თქმა უნდა ქართული საზოგადოების წინაშე. ეს ადამიანები ტაშს უკრავდნენ ბატონ გახარიას. 20 ივნისის შემდეგ ბატონი გახარია დაინიშნა პრემიერად, მას ტაშს უკრავდნენ, აქებდნენ, ადიდებდნენ და თუ რამის თქმა უნდოდათ, მაშინ რატომ საუბრობდნენ სხვანაირად და დღეს რატომ საუბრობენ სხვანაირად? ჩემი აზრით, აქ ნიშანდობლივია, რომ წერილის მთავარი ავტორი ვინც არის, ის უნდა გამოვიდეს და იმან უნდა თქვას რაც უნდა.
ვფიქრობ, ამ ადამიანებმა არც მაშინ იცოდნენ სიღრმისეულად რა ხდებოდა სახელმწიფოს შიგნით, მათ შორის 20 ივნისთან დაკავშირებით და არც ახლა იციან. ეს ადამიანები ჩვეულებრივი ფოსტალიონის როლში საუბრობენ იმ დეტალებზე, რომელზეც წარმოდგენა საერთოდ არ აქვთ, ამიტომ წერილის ავტორი ვინც არის, უნდა გამოვიდეს და თქვას საერთოდ რა უნდა – გინდ ამერიკელებთან მიმართებით, გინდ ბატონ გახარიასთან და სხვებთან მიმართებაში. ვფიქრობ, ეს ყველაფერი არის ჩვეულებრივი აბსურდი და ამ აბსურდის ავტორი არის ერთი ადამიანი და ეს ოთხეული, “ოთხი ამიგო” და “ჩარლის 4 ანგელოზი” სულაც არ არის ამ წერილის ავტორი. შესაბამისად, წერილის ავტორი ვინც არის, ის უნდა გამოვიდეს და თქვას რა უნდა”, – განაცხადა კახა ქემოკლიძემ.