პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკურმა მდივანმა და სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატმა კახაბერ ქემოკლიძემ მედიასთან ხაზი გაუსვა, რომ პარტია „საქართველოსთვის“ “ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამშრომლობა შეუძლებელია. ქემოკლიძის თქმით, თანამშრომლობა ასევე შეუძლებელია „ოცნების“ დღევანდელ ფორმაციასთან.
“ამ მოცემულობით, როგორც დღეს არის წარმოდგენილი „ქართული ოცნება“ – მასთან ასევე შეუძლებელია თანამშრომლობა. დღეს ისეთი და იმდენად ეკლექტური პოლიტიკური გარემოა შექმნილი, რომ როგორც ქაღალდის სახლი, ისეა. ამ ქაღალდის სახლის შენარჩუნება შეუძლებელია – აუცილებლად დაინგრევა ერთიც და მეორეც. და რა თქმა უნდა, ქართულ პოლიტიკაში საბედნიეროდ არიან ადამიანები, რომლებიც ღირსეულები არიან და ყველა ასეთ ადამიანთან თანამშრომლობა შეიძლება“, – აცხადებს ქემოკლიძე.
მედიის კითხვაზე, გულისხმობს თუ არა კახაბერ ქემოკლიძე ,,ასეთ ღირსეულ ადამიანებში“ კახა კალაძესაც, ქემოკლიძემ ხაზი გაუსვა, რომ კალაძემ უკვე თავისი გზა აირჩია და ის ოცნების დღევანდელი ფორმაციის კანდიდატია.
“კახი კალაძემ აირჩია ის გზა, რომელიც აირჩია. როდესაც მასზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის არის “ქართული ოცნების” კანდიდატი და ნებისმიერი სპეკულაცია და კახა კალაძის ცალკე წარმოდგენა, ოცნებისგან გამოყოფილად შეუძლებელია. კახა კალაძეს რომ სდომოდა საკუთარი გუნდის გაკეთება და რომ ჰქონოდა იმის პოლიტიკური გამბედაობა, რომ ეს გუნდი გაეკეთებინა და არჩევნებში ასე წასულიყო, როგორი სარისკო, მაგრამ ღირსეული ნაბიჯიც გიორგი გახარიამ გადადგა – მაშინ სხვანაირად ვისაუბრებდი“, – განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.