პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა კახაბერ ქემოკლიძემ ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენები ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის სახიფათოდ შეაფასა და აღნიშნა, ამ მოვლენებმა პარტნიორების მხრიდან უმაღლეს დონეზე გამოიწვიეს უმწვავესი კრიტიკა და ისინი 19 აპრილის შეთანხმების დარღვევისა და მოსამართლეების უვადოდ გამწესების გამო ფინანსური სანქციების გამოყენებაზე მიანიშნებენ.
“მმართველი პარტიის განცხადება არის კლასიკური მაგალითი იმის, თუ რა დონეზე შინაარსობრივად, სისტემურად არ ესმით რას ეუბნებიან ის სტრატეგიული პარტნიორები, რომლებიც დღის და ღამის განმავლობაში მუშაობენ ამ ქვეყნის განვითარებაზე, ჩვენს დაცვაზე მათ შორის რუსეთის ფედერაციის მხრიდან, პირდაპირ ინვესტირებაზე და სხვა მიმართულებით – რომ ქართული პოლიტიკა გაძლიერდეს და საქართველოს მოქალაქეებმა უბრალოდ უკეთესად იცხოვრონ დღევანელ რთულ გარემოში. ამ სისტემურ ვერგაგებას მიანიშნებს მმართველი პარტიის ე.წ პოლიტიკური ხელმძღვანელობის განცხადება”,- აცხადებს ქემოკლიძე.