შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ი.მ. დააკავეს. მას ბრალი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევაში ედება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
დანაშაული თავისუფლების 4-დან 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 18 მარტს, ღამით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთში ტრაქტორით შეეჯახა ქვეითად მოსიარულე თანასოფლელს – 1965 წელს დაბადებულ ნ.პ. რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა ნ.პ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.