კანადას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. მარკ კარნიმ ფიცი დადო, რაც ნიშნავს, რომ მან ჯასტინ ტრიუდო ოფიციალურად ჩაანაცვლა.
კარნიმ ფიცი ტრადიციულად, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე დადო და ერთგულება გამოუცხადა მეფე ჩარლზ III-ს, ასევე მის მემკვიდრეებს და შთამომავლებს.
პრემიერ-მინისტრის რანგში მარკ კარნი პირველი ოფიციალური ვიზიტით დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს ეწვევა.
ცენტრალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი მარკ კარნი კანადის მმართველი „ლიბერალური პარტიის“ თავმჯდომარედ 9 მარტს აირჩიეს. მან „ლიბერალური პარტიის“ ლიდერობისთვის ბრძოლაში სამი მეტოქე დაამარცხა და ხმების 85.9% მოიპოვა. ხმის მიცემის პროცესში პარტიის 152 000-მდე წევრი მონაწილეობდა.
ჯასტინ ტრიუდომ თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება იანვარში მიიღო. ის ამ თანამდებობას 2015 წლიდან იკავებდა.
გადადგომის მიზეზი კი ბოლო ათწლეულების განმავლობაში „ლიბერალური პარტიის“ ყველაზე დაბალი რეიტინგი გახდა.