“საქართველოსთვის მესიჯი შემდეგია: დააჩქარეთ პროგრესი და მიაღწევთ კანდიდატის სტატუსს” – ასე ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდი ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომელმაც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია არ გასცა.
“ჩემთვის გამაოგნებელია ფაქტი, რომ ქვეყნის 80%-ზე მეტი, – 80-85% ქართველებისა, – მხარს უჭერს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას. ეს ფენომენალური სტატისტიკაა. მათ გამიზიარეს თავიანთი აზრები, – ჩვენ იმედი გვქონდა, რომ იმავე კატეგორიაში ვიქნებოდით, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭებოდაო. და მე მესმის ეს მწუხარება.
თუმცა მე როდესაც გავიგე ევროკომისიის განცხადება, ჩემთვის ეს შემდეგნაირად ჟღერდა: საქართველო არის ევროკავშირის ოჯახის წევრი; ევროკომისიამ მისცა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, და არა მხოლოდ მიანიჭა ეს სტატუსი, არამედ ძალიან ცხადად [ჩამოაყალიბა] პრიორიტეტები, რაც, მათი ხედვით, საქართველოს სჭირდება პროგრესის მისაღწევად, – რათა მან მოიპოვოს კანდიდატის სტატუსი. ასე რომ, ვფიქრობ, საქართველოს ახლა აქვს ძალიან ცხადი საგზაო რუკა იმ რეფორმების შესახებ, რომელზეც იგი უკვე მუშაობს.
ასე რომ, მესიჯი საქართველოსთვის არის შემდეგი: დააჩქარეთ პროგრესი ამ რეფორმების გზაზე და თქვენ მიაღწევთ კანდიდატის სტატუსს.
მე მჯერა, რომ საქათველო იქნება ევროკავშირის წევრი, იქნება ნატოს წევრი. საქართველოს ადგილი აქ არის. მაგრამ ამისათვის საქართველომ ბეჯითად უნდა იშრომოს. და მას უკვე აქვს ბეჯითად ნამუშევარი ამ გზაზე. ქართველებმა გული არ უნდა გაიტეხონ, პირიქით, უნდა თქვან, „კარგით, ჩვენ ახლა მზად ვართ, წინ წავიწიოთ ამ რეფორმებში, რადგან ამას არა მხოლოდ მივყავართ ევროკავშირში, არამედ ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ექნება უფრო ძლიერი, მდგრადი დემოკრატია“. ეს საქართველოს ევროკავშირისა და ნატოს უფრო ძლიერ წევრად, და შეერთებული შტატების უკეთეს პარტნიორად და საბოლოოდ, მოკავშირედ აქცევს”, – აცხადებს კარენ დონფრიდი “ნეტგაზეთთან” ინტერვიუში .