spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კარპენტერი – ჩვენ გავაგრძელებთ ძალზე ახლოდან დაკვირვებას და რა თქმა უნდა, ადგილზეც იქნებიან დამკვირვებლები

ვნახეთ პრემიერის განცხადება, სავარაუდოდ, არჩევნების შემდეგ, ოპოზიციური პარტიების კრიმინალიზაციას თუ უკანონოდ გამოცხადების შესახებ, რაც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება დემოკრატიის ნორმებს. ეს შეშფოთებას იწვევს, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა მაიკლ კარპენტერმა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში განაცხადა.

მან არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯერ კიდევ არსებობს შესაძლებლობა იმისა, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყოს.

“აშშ  მრავალი წელი მტკიცედ უჭერდა მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, მის დამოუკიდებლობას, მის დემოკრატიას, ამ დემოკრატიული სისტემის საფუძველი კი არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ჩვენთვის, ძალიან სასიამოვნო იყო იმის დანახვა, რომ წარსულში საქართველომ შეძლო ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემა ერთი ადმინისტრაციისგან მეორისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ეს არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვათ, ზოგიერთი ქმედება, რომელიც უკვე ვნახეთ, შემაშფოთებელია ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თვალსაზრისით, როგორც უკვე ვახსენე სამოქალაქო საზოგადოების აქტორების შევიწროების კუთხით. ასევე, ვნახეთ პრემიერის განცხადება, სავარაუდოდ, არჩევნების შემდეგ, ოპოზიციური პარტიების კრიმინალიზაციას, თუ უკანონოდ გამოცხადების შესახებ, რაც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება დემოკრატიის ნორმებს. ეს შეშფოთებას იწვევს. ჩვენ გავაგრძელებთ ძალზე ახლოდან დაკვირვებას და რა თქმა უნდა, ადგილზეც იქნებიან დამკვირვებლები.

თუმცა, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენს მაყურებელს ვუთხრათ, რომ საქმე არ ეხება მხოლოდ იმას, რა მოხდება არჩევნების დღეს. ეს არ ეხება მხოლოდ იმ ხმებზე დაკვირვებას, რომელიც საარჩევნო ყუთში მოხვდება. ეს ეხება მთლიანად ატმოსფეროს, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, დაშინებას, შევიწროებას და ასევე, ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს არჩევნების წინა პერიოდში. თუ არჩევნები არ არის თავისუფალი და სამართლიანი, ნებისმიერი დემოკრატიული სისტემა შეიძლება დაიშალოს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. თუ ის, რასაც ოქტომბერში ვნახავთ, თავისუფალი და სამართლიანი არ იქნება, მაშინ, სამწუხაროდ, ეს შემაფერხებელი იქნება საქართველოს დემოკრატიული ზრდისთვის.

არჩევნები ჯერ არ ჩატარებულა, ასე რომ, ჯერ კიდევ არსებობს შესაძლებლობა იმისა, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყოს. თუმცა, ეს უნდა მოხდეს სამოქალაქო საზოგადოების მიზანში ამოღების შეწყვეტით. თუ ეს ქმედებები შეწყდება, მაშინ შეგვიძლია, გვქონდეს მოლოდინი, რომ არჩევნები, შესაძლოა, იყოს თავისუფალი და სამართლიანი. თუ ეს ქმედებები გაგრძელდება, მაშინ პირიქით მოხდება”,  – განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები