იმ შემზარავი ძალადობის პასუხად, რასაც საქართველოში ვადევნებთ თვალს, ჩვენ სხვადასხვა ვარიანტს განვიხილავთ, რათა პასუხისმგებელ პირებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დავუწესოთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის სპეციალურმა თანაშემწემ და ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა მაიკლ კარპენტერმა განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა შესაძლო ვარიანტი მაგიდაზე დევს.
“ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, საქართველოში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ, ჩვენ მთელი რიგი ზომები გავატარეთ და ეს მოხდა იმ მიმდინარე საპროტესტო აქციებამდე, რაც ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის შეჩერებას მოჰყვა. მას შემდეგ, რაც უცხოური გავლენის შესახებ კანონის მიიღეს და სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებისა და დაშინების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები გაატარეს, ჩვენ გადავდგით ნაბიჯები საქართველოს მთავრობისთვის დახმარების შესაჩერებლად. ეს გახლავთ 95 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება, რაც ამჟამად შეჩერებულია.
ცოტა ხნის წინ კი, შევაჩერეთ სტრატეგიული პარტნიორობაც. ასევე, სხვადასხვა ინსტიტუციის წარმომადგენელ ქართველ ათობით მაღალჩინოსანზე სანქციები დავაწესეთ სავიზო შეზღუდვის პოლიტიკის ფარგლებში. ასე რომ, ჩვენ უკვე გადავდგით ნაბიჯები და არ გამოვრიცხავთ შემდგომი ზომების მიღებას სანქციების ჩათვლით, რათა პასუხი გავცეთ იმას, რასაც საქართველოში ახლა ვხედავთ.
ახლა არ ვაპირებ სანქციებთან დაკავშირებით წინასწარი განცხადება გავაკეთო, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, იმ შემზარავი ძალადობის პასუხად, რასაც საქართველოში ვადევნებთ თვალს, ჩვენ სხვადასხვა ვარიანტს განვიხილავთ, რათა პასუხისმგებელ პირებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დავუწესოთ. ყველა შესაძლო ვარიანტი მაგიდაზე დევს”, – განაცხადა კარპენტერმა “გლობალნიუსთან”.