საქართველოს არ ჰყავს უკეთესი მეგობარი ან მხარდამჭერი, ვიდრე აშშ-ია და ეს ასეა ბოლო 30 წლის განმავლობაში. ჩვენ ვმუშაობთ საქართველოსთან ერთად, რომ მან ააშენოს დემოკრატია, რაც ქართველ ხალხს სურს, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატის ელჩმა კელი დეგნანმა “იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა.
“ჩვენი ყველანაირი დახმარება, თითოეული დოლარი, რაც აშშ-ის გამოუყვია საქართველოსთვის, ეს არის დემოკრატიის მშენებლობისთვის, ეკონომიკის გაძლიერებისთვის, თავდაცვისა და საზღვრების დაცვისთვის. ეს არის ის, რაც აშშ-ისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ გვინდა ვნახოთ საქართველოს წარმატება. საქართველომ მართლაც ძალიან შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია და სწორედ ამიტომ, ბევრი აღტაცებულია საქართველოთი, თუმცა ვიცით, რომ მეტი უნდა გაკეთდეს. ამერიკა დგას საქართველოს გვერდით, რომ გავაგრძელოთ რეფორმების ძალისხმევა, გავაგრძელოთ ეკონომიკის გაძლიერება, თავდაცვის შესაძლებლობლების გაძლიერება და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
მისივე თქმით, მოსამართლეებზე ზეწოლა არასოდეს განუხორციელებიათ.
“ჩვენ არასოდეს განგვიხორციელებია ზეწოლა მოსამართლეზე საქართველოში. წლების განმავლობაში ჩვენი თანამშრომლობა იყო იმისთვის, რომ გაუმჯობესებულიყო სასამართლო სისტემა, გამჭვირვალობა და როგორც ვთქვით, დიდი პროგრესი მიიღწა, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ბევრ მოსამართლესთან.
მე თავად იურისტი ვარ და მაინტერესებს მათი საქმიანობის შესახებ, ყოველთვის ვეკითხები, არის თუ არა აშშ-ის დახმარება მათთვის ეფექტური. ჩემთვის ძალიან საინტერესოა ეს პირადად და ასევე, ძალიან მიხარია, რომ მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი ბევრ ქართველ მოსამართლეს, რომლებიც არიან ნიჭიერები, შრომისმოყვარე, კეთილსინდისიერები და სურთ იშრომონ თავიანთი საზოგადოებისთვის და აღასრულონ სამართალი.
მათ უნდათ იმუშაონ ჩარევის, დაშინების გარეშე და სწორედ ამას ითხოვენ ისინი და ამას უჭერს მხარს აშშ თავისი პროგრამებით”, – აცხადებს ელჩი.