spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კელი დეგნანი – მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში, უზრუნველყავით, რომ თქვენი ხმა იყოს გაგონილი და თქვენი არჩევანი დათვლილი

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ასრულებს თავის მისიას და მომავალი ორი წლის განმავლობაში ვაშინგტონში საგარეო პოლიტიკის უფროსი მრჩევლის მოვალეობას შეასრულებს. “რადიო თავისუფლებისთვის” ელჩის სტატუსით მიცემულ ბოლო ინტერვიუში ამბობს, რომ საუკეთესო რამ, რაც საქართველოზე გაახსენდება, არის ხალხი.

– გაქვთ თუ არა, როგორ ვთქვა… სინანულის განცდა, რომ, როგორც ელჩმა, მიზეზთა გამო, რაღაც არ გააკეთეთ, რისი გაკეთებაც შეგეძლოთ?

– ვისურვებდი, მეტ პროგრესს ქართველების მიერ ღრმა პოლარიზაციის დაძლევის ხელშეწყობაში. ის არსებობდა მაშინაც, როცა აქ ჩამოვედი. ძალიან ღრმად პოლიტიზებული იყო თითქმის ყველა საკითხი. სახეზე იყო კრიზისი, რომელიც იყო 2020 წლის 19 ივნისის მოვლენების შედეგი, როცა რუსეთის დუმის წევრმა დაიკავა საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელი. ასე რომ, კრიზისი უკვე არსებობდა. იმ ფონზე საქართველოს ლიდერები გამოვიდნენ მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმების იდეით, რაც ძალიან იმედის მომცემი ნიშანი იყო, რომ მათ შეუძლიათ ერთად მუშაობა.

ამის შემდეგ, 2020 წლის ოქტომბერში იყო ძალიან ნაკლოვანი საპარლამენტო არჩევნები, რამაც გამოიწვია მორიგი პოლიტიკური კრიზისი. მეამაყებოდა საქართველოს პოლიტიკური ლიდერებისა და საზოგადოების წარმომადგენლების ხილვა გამოსავლის და წინსვლის გზის მოსაძებნად მიმდინარე მოლაპარაკებებზე, რომ მოეგვარებინათ კრიზისი, პარლამენტარები შეეყვანათ პარლამენტში, სადაც უნდა მიმდინარეობდეს დებატები, სადაც უნდა აჯერებდნენ განსხვავებულ პოზიციებს, ამუშავებდნენ კანონმდებლობას, რომელიც ქვეყნის საუკეთესო ინტერესებშია. სამწუხაროდ, ვნახეთ, რომ არც ერთმა მსხვილმა პარტიამ მისდია იმ შეთანხმებას და ეს ძალიან სამწუხარო იყო. ვთვლი, რომ ამან პოლარიზაციას ახალი საფუძველი მისცა და შექმნა მეტი პრობლემა, რომლის გადალახვაც ძნელია.

იყო შესაძლებლობა და კვლავაც არის შესაძლებლობა, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა გამოიჩინონ გამბედაობა, გამონახონ ძალა – გვერდზე გადადონ განსხვავებები და რეალურად იმუშაონ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე. ევროკავშირმა საქართველოს მისცა მკაფიო გზამკვლევი კანდიდატის სტატუსისკენ. მათ ეს ძალიან მარტივად წარმოადგინეს – საჭიროა მხოლოდ მიჰყვეთ ამ ნაბიჯებს. ვიმედოვნებ, ამ რამდენიმე თვესა და კვირაში პოლიტიკური ლიდერები გვერდზე გაწევენ განსხვავებებს და მუყაითად იმუშავებენ ამ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე, რადგან ეს საქართველოს საუკეთესო ინტერესებშია.

– სიმამაცის ნაკლებობაა მიზეზი, რომ ეს არ ხდება? როგორ ფიქრობთ, რა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ეს პრიორიტეტები არ სრულდება? რა ან ვინ არის მთავარი მიზეზი?

– სინამდვილეში გარკვეული ხანია არ მომისმენია რეალური დისკუსია პრიორიტეტების შესრულებაზე. ბოლოს ეს მგონი მაშინ იყო, როცა ევროკავშირმა ამ პრიორიტეტების შესრულებაზე სიტყვიერი შეფასება წარმოადგინა და რომელიც ძალიან განსხვავდება საქართველოს მთავრობის აღქმისგან. ის სრულიად საპირისპიროა. საქართველოს მთავრობა თვლის, რომ შეასრულა პრიორიტეტების უდიდესი ნაწილი. ევროკავშირი კი საპირისპირო შეფასებას იძლევა.

ასე რომ, გამბედაობაშია საქმე, თუ არსებობს შეუსრულებლობის გარკვეული მიზეზები? – იქნება ეს შიდა თუ გარედან მომავალი მიზეზები.

– გამბედაობა მოდის განსხვავებების გვერდზე გადადებითა და ერთად მუშაობის სურვილით; იმის გააზრებით, რომ ამ განსხვავებების არსებობის მიუხედავად, საქართველოს ხალხმა გააკეთა მკაფიო არჩევანი ევროპული მომავლის სასარგებლოდ. თითოეული პოლიტიკური ლიდერი უნდა მუშაობდეს იმ მიზნის მისაღწევად, რომელიც საქართველოს ხალხის 85%-ს სურს. ეს არის შენი, როგორც პოლიტიკოსის, როგორც პარლამენტის წევრის საქმე – იმუშაო შენი მოქალაქეების სახელით, რომლებსაც წარმოადგენ. ევროკომისიის ივლისის, სულ რამდენიმე კვირის წინანდელი სიტყვიერი ანგარიშის თანახმად, 12-დან 3 რეკომენდაცია შესრულებულია. მათ განაცხადეს, რომ საქართველომ კარგ პროგრესს მიაღწია. პროგრესი ჰქონდა აგრეთვე კიდევ 7-ზე და ორზე მეტია სამუშაო. დასაკარგავი დრო არ არის. საქმის მიხედვის დროა და იმის დრო, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს დაანახო – საქართველო ნამდვილად ამ გზის ერთგულია.

ყველა ქართველმა იცის, რომ კანდიდატის სტატუსი და ევროკავშირის წევრობა ქვეყნისთვის ნაბოძები არ არის, მას დამსახურება სჭირდება, ვინაიდან ევროკავშირის წევრობა ნიშნავს მეტ კეთილდღეობას, მეტ სტაბილურობას, მეტ უსაფრთხოებას. შეხედეთ ევროკავშირის ნებისმიერ ახალ წევრს: მათ მიიღეს როგორც ეკონომიკური სარგებელი, ასევე გაიუმჯობესეს სტაბილურობა. ამიტომაც სურთ ქვეყნებს ევროკავშირში გაწევრიანება. ამიტომ სურს საქართველოსაც ევროკავშირში შესვლა.

– თუმცა, ისე მოჩანს, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე სულ უფრო ნაკლები სივრცე რჩება (თუკი საერთოდ რჩება) კომპრომისებისთვის. როგორ ფიქრობთ, რამ შეიძლება ხელი შეუწყოს ასეთი სივრცის გაფართოებას? თქვენ გაიხსენეთ, როცა ჩამოვედი ასევე პოლიტიკური კრიზისი იყოო. ელჩის მოვალეობის შესრულებას შეუდექით საპარლამენტო არჩევნების წელს, რომელიც ძალიან დატვირთული იყო შეხვედრებით და საუბრებით, პარტნიორების და პირადად თქვენი მონაწილეობით. თუმცა, იმ მოლაპარაკებების შედეგებიც კი, მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისიამ თავის დოკუმენტშიც ახსენა 19 აპრილის შეთანხმება, გაქრა. არც არავინ ცდილობს მის გაცოცხლებას. ასე რომ, რა შეიძლება დაეხმაროს ქართველებს დარჩნენ სწორ გზაზე, ან დაუბრუნდნენ სწორ გზას? – თქვენზეა, როგორ შეაფასებთ.

– კომპრომისი ძნელია და სწორედ ამიტომ არის საჭირო გამბედაობა, დიდი გამბედაობა. კიდევ გავიმეორებ – თუკი შენი მიზანია ემსახურო საქართველოს საუკეთესო ინტერესებს, ეს საჭიროებს კომპრომისს ყველასგან. მნიშვნელობა არ აქვს ამას “19 აპრილის შეთანხმებას” დაარქმევ, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას თუ 12 რეკომენდაციას. ეს ყველაფერი გულისხმობს ერთსა და იმავე რეფორმებს, რომლებზეც საქართველო მუშაობს წლების, ათწლეულების განმავლობაში და ბევრ სფეროში შთამბეჭდავ პროგრესსაც მიაღწია, იქნება ეს საარჩევნო რეფორმა, სასამართლო რეფორმა თუ სხვა. ბევრ სფეროში ჩანს კარგი პროგრესი. მაგრამ, ეს პროცესია, ის უნდა გაგრძელდეს და თუკი ის შეჩერდება იმის გამო, რომ ადამიანებს ერთად მუშაობა არ სურთ, არ სურთ კომპრომისებზე წასვლა, სწორედ აქ ვხედავთ პრობლემას.

ევროკავშირის წევრი ქვეყნები აკვირდებიან აგრეთვე, როგორ ასრულებს საქართველო ამ რეფორმებს და შეუძლია თუ არა ქვეყანას გაერთიანება ამ რეფორმებზე სამუშაოდ. ვთვლი, რომ საქართველოს ჯერაც აქვს დრო ამის საჩვენებლად. 12-ვე რეკომენდაცია ასი პროცენტით რომც არ შესრულდეს, ვფიქრობ, წევრი ქვეყნები აკვირდებიან, რამდენად მოწადინებულია საქართველო შეასრულოს ეს ამოცანები, ვინაიდან, ცხადია, მუშაობა გაგრძელდება. კანდიდატის სტატუსი არის შემდეგი ქვაკუთხედი წევრობისკენ მიმავალ გზაზე. ევროკავშირის წევრებს დეკემბრამდე, სულ რაღაც თვეები აქვთ, რომ დაინახონ – არის თუ არა აქ მმართველობა ფოკუსირებული იმაზე, რის შესახებაც საქართველოს ხალხმა მკაფიოდ განაცხადა. ხალხს კი სურს ევროპული მომავალი.

– დიახ, ძალიან მარტივი ჩანს. სრულიად ცხადი და მკაფიოა – რა სურთ საქართველოს მოქალაქეებს, მაგრამ რატომ არ ახორციელებენ მათ სურვილს? რატომ არ გრძნობენ თავს პოლიტიკოსები ანგარიშვალდებულებად თავიანთი ამომრჩევლის წინაშე? რატომ მოქმედებს მმართველი პარტია ისე, რომ იწვევს ამდენ შეკითხვას საქართველოს მომავალზე, მისი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე? დეტალებშიც შევალ, მანამდე კი – როგორ ფიქრობთ, რატომ არ ხდება ის, რაც ასე ადვილია? ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის ხომ მომგებიანი იქნება მიჰყვეს ამომრჩევლის, მოქალაქეების ნებას?

– არ მსურს იმის თქმა, რომ ეს ადვილი რეფორმებია. ეს რეფორმები რთულია და მესმის.

საქართველო არის დემოკრატიის ჩარჩოს შენების პროცესში, რომელიც არის კომპლექსური და უნდა იყოს ძლიერი, მედეგი და დამოუკიდებელი. აშშ ძალიან ამაყია, რომ სწორედ ამაში ეხმარება საქართველოს ბოლო 30 წელია. არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდის წახალისებაში, ბაზრების დივერსიფიკაციასა და რუსეთზე საქართველოს დამოკიდებულების შემცირებაში, არამედ იმაში, რომ საქართველომ შექმნას ძლიერი, მედეგი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული ინსტიტუტები და ეს პროცესი არასდროს მთავრდება, რისი მოწმეებიც ვართ ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც 247 წელია ვმუშაობთ დემოკრატიაზე და საკეთებელი კიდევ არის.

როგორც ვთქვი, საქართველომ საკმაოდ შთამბეჭდავი პროგრესი აჩვენა 20-25 წლის განმავლობაში. საჭიროა, ყველამ შეინარჩუნოს ფოკუსი ერთსა და იმავეზე – მთელი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებზე, არა თავიანთ კერძო ან მცირე ჯგუფის ინტერესებზე, არამედ იმაზე, რაც არის მთელი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებში. ვფიქრობ, მართალი ხართ, ეს ნიშნავს ყურადღების მიქცევას იმაზე – რა სურთ ადამიანებს.

საქართველოში მოგზაურობისას, შესაძლებლობა მქონდა შევხვედროდი მრავალ ქართველს სხვადასხვა სფეროდან, იქნებოდა ეს: ფერმერი, მასწავლებელი, სტუდენტი თუ ბიზნესის წარმომადგენელი, მეცნიერები. მე რაც მათგან მესმის, მათ სურთ სტაბილურობა, სურთ კეთილდღეობა, სურთ ჰქონდეთ შესაძლებლობები და სურთ თავისუფლება, რომ თავიანთი ბიზნეს-იდეები განახორციელონ, სურთ თანაბარი პირობები ამ იდეების გასავითარებლად; მათ სურთ სამართალი – დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოში, რომელიც იქნებოდა მოქნილი და გამჭვირვალე; მათ სურთ სამართლიანი არჩევნები, რომლის მიმართაც არ იქნებოდა ბრალდებები, რომლებიც ახლდა საქართველოში ჩატარებული არჩევნების უმრავლესობას – წინა თუ ამჟამინდელი ხელისუფლებების დროს და რომლებიც შეეხება კანდიდატების დაშინებას, ოპოზიციის კანდიდატების მხარდამჭერთა დაშინებას, მოსყიდვას, ადმინისტრაციული რესურსების არასათანადო გამოყენებას. ეს არ არის ახალი ტაქტიკები, მაგრამ ეს ძალიან დამაზიანებელია დემოკრატიული პროცესისთვის და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება უკეთესი, ვიდრე ბოლოდროინდელი არჩევნები იყო.

– არ ვიცი, რამდენად მისაღებია ინტერვიუს საშუალებით უთხრათ რაიმე თქვენს შემდეგ ელჩს, მაგრამ… თქვენ ახსენეთ არჩევნები და მახსოვს [სენატში] მოსმენისას რობინ დანიგანმა ილაპარაკა არჩევნებზეც და მომავალ არჩევნებზე გრძელვადიანი დაკვირვების მნიშვნელობაზე. რა იქნებოდა თქვენი რჩევა მომავალი ელჩისთვის არჩევნებთან მიმართებით?

–  ვფიქრობ, ჩემი რჩევა უფრო ამომრჩევლებისთვის იქნებოდა განკუთვნილი: გამოდით და მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში. უზრუნველჰყავით, რომ თქვენი ხმა იყოს გაგონილი და თქვენი არჩევანი – დათვლილი.

აშშ-ის საელჩო მხარს დაუჭერს ამომრჩევლის განათლების კამპანიას, რომელიც ადამიანებს დაეხმარება არა მხოლოდ იმის გაგებაში რატომ არის მათი ხმა მნიშვნელოვანი, არამედ იმაშიც, რომ ამ კონკრეტულ არჩევნებზე, როცა უბნების 90% გადადის ხმის მიცემის ელექტრონულ სისტემაზე, ამომრჩეველმა იცოდეს ეს როგორ მუშაობს. უბნების თანამშრომლებმა უნდა იცოდნენ ეს როგორ მუშაობს. სხვაგვარად გვექნება მეტი დაბნეულობა როგორც ოლქებში, ისე უბნებზე. ვინაიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ვნახეთ, როცა უბნების 10%-ზე იყო ელექტრონული ხმის მიცემა, იყო გარკვეული პრობლემები – მართალია, უფრო ტექნიკური და არა რაიმე სხვა, მაგრამ ამან შეიძლება მთელი პროცესი შეანელოს, როცა მთელი ქვეყანა ელექტრონულად აძლევს ხმას. აშშ-შიც ვნახეთ, რომ ელექტრონული სისტემა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ყველაფერი სუფთა და სამართლიანი იქნება. მისით მანიპულაციაც შესაძლებელია, თუკი ადამიანები არ არიან გაწვრთნილები ამ სისტემის გამოყენებაზე და თუკი ამომრჩევლებს არ ესმით ის როგორ მუშაობს. ასე რომ, ეს იქნება მნიშვნელოვანი არჩევნები და საგანმანათლებლო კამპანია არა მხოლოდ იმაზე, რატომ არის შენი ხმა მნიშვნელოვანი, არამედ ხმის მიცემის ძალიან ტექნიკურ მხარეზეც.

მნიშვნელოვანია აგრეთვე მონიტორინგის გრძელვადიანი მისია, რადგან მხოლოდ არჩევნების დღეს არ ხდება არასწორი რაღაცები, სინამდვილეში ეს თვეებით ადრე ხდება: ადამიანების დაშინება, ხმების მოსყიდვა, ადამიანების მიმართ მუქარა, რომ, თუკი ისე არ მისცემენ ხმას, როგორც საჭიროა, სამსახურს დაკარგავენ. გავიმეორებ, ეს არის ტაქტიკები, რომლებიც საქართველოში გამოიყენება ბევრი-ბევრი წელია სხვადასხვა ხელისუფლების დროს. ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნებზე ადრეული მონიტორინგი იმისათვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს ამომრჩეველს – მოგვიანებით ჰქონდეს ნდობა შედეგის მიმართ. ნაკლებად მნიშვნელოვანია – აშშ-ს აქვს თუ არა ნდობა შედეგის მიმართ, არამედ ამომრჩეველსა და საქართველოს ხალხს უნდა სჯეროდეს, რომ არჩევნები ნამდვილად სამართლიანია და ასახავს საქართველოს ხალხის ნებას.

2020-ში კოვიდის გამო შეუძლებელი იყო საერთაშორისო მეთვალყურეობის უზრუნველყოფა და ვფიქრობ, ამან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმაში, რომ ამდენს გაუჩნდა შეკითხვები, რატომაც იყო ამდენი ბრალდება და საჩივარი – ვინაიდან არ გქონდათ საგარეო დახმარება მეთვალყურეებით, რომლებიც დაგეხმარებოდნენ პრობლემების გამოვლენასა და იმის დადასტურებაში პროცესი სამართლიანი იყო თუ არა. არავის განუცხადებია, რომ 2020-ის არჩევნები სამართლიანი იყო და არც 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებზე უთქვამს ვინმეს, რომ სამართლიანი იყო. ეს სამწუხაროა და იმედი მაქვს, 2024-ის არჩევნები უკეთესი იქნება.

– დემოკრატია წარმატებული, ქმედითი რომ იყოს, ძალიან მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილების მიღების პროცესი იყოს გამჭვირვალე. ხედავთ თუ არა როგორ მიიღება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები საქართველოში? რა ლოგიკა აქვს მას? მაგალითად, ისეთი კანონპროექტის ინიცირებას, როგორიც იყო „აგენტების კანონი“, იგივე „რუსული კანონი“, როგორც მას ვუწოდეთ და შემდეგ მის გაწვევას? არის კიდევ რაღაც ინიციატივები, რომლებიც ჰაერში ტრიალებს და რაღაცის მოლოდინის რეჟიმში გვამყოფებს. ანდა, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები სასამართლო რეფორმაზე, რაზეც აშშ-ის დახარჯული აქვს რამდენიმე ათეული მილიონი – 30 მილიონ დოლარზე მეტი. როგორ მიიღება პოლიტიკური გადაწყვეტილებები საქართველოში? ვინ იღებს გადაწყვეტილებებს ამ ქვეყანაში?

– ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ერთ-ერთი, რაზეც საქართველო მრავალი წელია მუშაობს, არის გამჭვირვალების გაზრდა, იქნება ეს პარლამენტის მუშაობის, სასამართლოსი, აღმასრულებელი ხელისუფლების. არის დამოუკიდებელი უწყებები – მაგალითად, სახელმწიფო აუდიტის უწყება, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური – ისინი უნდა იყვნენ დამოუკიდებელი უწყებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ერთგვარ ზედამხედველობასა და გამჭვირვალებას. მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი მთავრობა ანგარიშვალდებულია მათ მიმართ. ეს არის დემოკრატიის საფუძველი: მთავრობა – ხალხის მიერ, ხალხისთვის. საჭიროა, მთავრობა მუშაობდეს ხალხისთვის და ხალხს აქვს უფლება იცოდეს, რომ მთავრობა სწორედ ამას აკეთებს. ეს დამოუკიდებელი უწყებები ამისთვის არსებობს ისევე, როგორც ზოგიერთი სამოქალაქო ორგანიზაცია, რომლებიც მოქალაქეების სახელით მოქალაქეების მიმართ მთავრობის ანგარიშვალდებულებას უზრუნველყოფენ. იგივეს ვიტყვი ჟურნალისტებზეც – მედია არის ხალხის ხმა. ისინი სვამენ რთულ შეკითხვებს და მთავრობას უნდა შეეძლოს მათზე პასუხების გაცემა. ეს იმისთვის არის, რომ მოქალაქეები დარწმუნებულები იყვნენ, რომ მთავრობა, პარლამენტის წევრები, მოსამართლეები მუშაობენ ხალხის საუკეთესო ინტერესებისთვის. ვფიქრობ, ამ კუთხით გარკვეული პროგრესია მიმდინარე სასამართლო რეფორმაში, რამაც გაზარდა მოსამართლეთა შერჩევის პროცესის გამჭვირვალება. მეტია გასაკეთებელი. ვიცი, რომ ყველა კმაყოფილი არ არის გადადგმული ნაბიჯებით, რომლებიც არასაკმარისია არსებითი რეფორმისთვის, რომლებიც ვენეციის კომისიის სხვადასხვა თვალსაზრისშია მოთხოვნილი. ვენეციის კომისია არის ევროპული სამართლის ექსპერტთა ჯგუფი. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ისწრაფვის ევროკავშირში ინტეგრაციისკენ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლობა, რომელიც ძალაში უნდა შევიდეს, შესაბამისობაში იყოს ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ვუწონებ პარლამენტს კანონპროექტზე ვენეციის კომისიის თვალსაზრისის მოთხოვნას, რომ ნახოს შესაბამისობაშია თუ არა ის ევროკავშირის კანონმდებლობასთან. როცა თვალსაზრისი მზად არის და მასში ნათქვამია არის თუ არა შესაბამისობაში, ეს არის მკაფიო გზამკვლევი პარლამენტისთვის – გადადგას ან არ გადადგას ესა თუ ის ნაბიჯი, თუკი სურს იყოს ჰარმონიაში ევროკავშირის კანონმდებლობასთან.

“უცხოეთის აგენტებზე“ კანონი, რომელიც ახლა ახსენეთ, ძალიან ნათლად შეაფასა ეუთო/ოდირმა, ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ ეს კანონი არის ევროკავშირის სტანდარტებსა და რეგულაციებთან ჰარმონიზაციისგან უკან გადადგმული ნაბიჯი. სამწუხაროდ, ის ისე იყო ფორმულირებული, ექნებოდა იგივე ეფექტი, როგორიც აქვს კრემლის უცხოეთის აგენტებზე კანონს, რომლის მიზანია დამოუკიდებელი ხმების, დამოუკიდებელი ორგანიზაციების სტიგმატიზაცია და გაჩუმება – ქართველებისა, რომლებიც სხვა ქართველებისთვის მუშაობენ, იქნება ეს: შშმ პირების, ხანდაზმულების დამხმარე ორგანიზაციები, ფერმერული კოოპერატივები, ბიზნესორგანიზაციები…

…პოლიტიკოსები ამბობენ იმას, რაც უნდა თქვან – მაშინაც კი, როცა იციან, რომ ეს არ არის სიმართლე. მე ამას პირადულად არ აღვიქვამ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რას ამბობს საქართველოს ხალხი, რაც არის ძალიან მკაფიო. მათ სურთ ევროპა და ეს მკაფიოდ გამოხატეს არაერთხელ, სხვადასხვა დროს: 2020-ში, 2022-ში, მარტში, გემთან დაკავშირებით თუ იმ წუხანდელ კონცერტზე.

სრულიად ნათელია, რა სურს საქართველოს ხალხს. ასევე ნათელია, რა არ სურს მას და ვფიქრობ, ადამიანებმა ესეც ბევრჯერ მკაფიოდ გამოხატეს. როცა ჩვენ – საქართველოს უძლიერესი, საუკეთესო მხარდამჭერი, საუკეთესო პარტნიორი და მეგობარი, ვლაპარაკობთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის თუ საქართველოს ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაზე, საქართველოს დახმარებაზე უკეთესად დაიცვას საკუთარი საზღვრები და მოიგერიოს აგრესია, ვგულისხმობთ სწორედ ამას, რაზეც ვმუშაობთ საქართველოსთან პარტნიორობით 30 წლის განმავლობაში. სრულიად მარტივი საკითხებია: ვეხმარებით საქართველოს უკეთესად დაიცვას საზღვრები, დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, წაახალისოს თავისი ეკონომიკა, შექმნას უკეთესი სამუშაო ადგილები, რომ ადამიანებს შეეძლოთ თავიანთ ქალაქებსა და სოფლებში დარჩენა, კარგად ცხოვრება, ოჯახების გაზრდა იქ, სადაც სურთ და რომ არ იყვნენ იძულებულები წავიდნენ უცხოეთში ან თბილისში.

ვეხმარებით საქართველოს ააშენოს ძლიერი, მედეგი, დემოკრატიული ინსტიტუტები, ვინაიდან ქართველებს სურთ იცხოვრონ ევროპულ დემოკრატიაში. ეს ძალიან ნათელია. და ვიდრე ეს არის საქართველოს ხალხის მიზანი, ჩვენ ვართ აქ ამის მხარდასაჭერად. ვთვლი, რომ ჩვენი საქმიანობა აქ სრულიად ნათელია. როგორც აღვნიშნე, საითაც უნდა გაიხედო ამ ქვეყანაში, დაინახავ მტკიცებულებას, რომ 30 წლის განმავლობაში აშშ სწორედ ამას აკეთებს საქართველოში, საქართველოსთან ერთად – როგორც საქართველოს მთავრობასთან, ისე ხალხთან ერთად. დარწმუნებული ვარ, ასეთივე შედეგიანი ურთიერთობა გვექნება მომავალ წლებშიც.

– აღნიშნეთ, რომ პირადულად არ იღებთ, მაგრამ ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს დამაზიანებელია საქართველოს საგარეო პოლიტიკისთვის, საქართველოს დასავლური მომავლისთვის, ევროატლანტიკური მომავლისთვის?

– ვთვლი, რომ ხალხს შეუძლია ამის პერსპექტივაში დანახვა. არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ძირი გამოუთხარონ აშშ-სა და საქართველოს შორის ახლო, ძლიერ პარტნიორობას. ამას ისინი გარკვეული მიზეზების გამო და კერძო ინტერესებით აკეთებენ, რაც სწორედ ამაზეა გათვლილი. ისინი არ ცდილობენ მხოლოდ აშშ-ის დისკრედიტაციას, არამედ ნებისმიერი დამოუკიდებელი ხმისა, რომელიც გამოდის საქართველოს ევროპული, დემოკრატიული მომავლის სასარგებლოდ. ვთვლი, რომ საქართველოს ხალხი საკმარისად საზრიანია – მინიმუმ ისინი, ვისაც მე შევხვედრივარ, ძალიან საზრიანად უდგებიან ამას. ისინი მიეჩვივნენ ამ სახის რუსულ და პრორუსულ დეზინფორმაციას და ვფიქრობ, შეუძლიათ დაინახონ – როდის ცდილობენ ადამიანები დააზიანონ საქართველოს პარტნიორობა მის უახლოეს მეგობრებთან, ნამდვილ სტრატეგიულ პარტნიორებთან, რომლებიც იქნებიან აქ საქართველოსთვის, ვინაიდან აქ ვართ საქართველოსთან ერთად 30 წელზე მეტია და არსად წასვლას ვაპირებთ. ვიდგებით საქართველოს გვერდით მანამდე, ვიდრე საქართველოს ხალხი დემოკრატიული მომავლისკენ ისწრაფვის.

– სანქციების საკითხი: სულ ახლახან, აგვისტოს დასაწყისიდან აიკრძალა აშშ-იდან იმპორტირებული ავტომანქანების რუსეთში ექსპორტი. კიდევ რაიმე შეიძლება ამას დაემატოს?

– ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიფხიზლე. სანქციებისა და ექსპორტის კონტროლის მიზანი არის რუსეთის წვდომის შეზღუდვა იმ კომპონენტებსა და მოწყობილობებზე, რომლებიც უკრაინაში ბრძოლის ველზე გამოჩნდება ხოლმე. ჩანს ბომბებში, რომლებიც გამოიყენება სკოლების, საავადმყოფოების, საცხოვრებელი შენობების ასაფეთქებლად, მშვიდობიანი მოსახლეობის დასახოცად. ჩვენ ვცდილობთ რაც შეიძლება მალე დავასრულოთ ეს ომი, რუსეთისთვის იმ სახის იარაღსა და მოწყობილობებზე წვდომის შეზღუდვით, აკრძალვით, რომლებსაც იყენებს ომის გასაგრძელებლად.

რუსეთმა დაიწყო ეს ომი და რუსეთს შეუძლია ის დღესვე დაასრულოს. ისინი ამას არ აკეთებენ. პუტინი ირჩევს ამ ომის გაგრძელებას. ვიდრე ეს ასეა, გვჭირდება თანამშრომლობა საქართველოს მსგავს ქვეყნებთან, რომლებსაც აქვთ რუსეთთან სახმელეთო საზღვარი, რომ შეზღუდონ რუსების წვდომა კომპონენტებზე, რომლებიც ხშირად გვხვდება ავტომანქანებში, სარეცხ მანქანებში, ჩვეულებრივ ტექნიკაში და შემდეგ ვნახულობთ რაკეტებში, დრონებსა და ბომბებში.

სიფხიზლე უნდა შევინარჩუნოთ. ადამიანები, რომლებიც ცდილობენ სანქციებისა და ექსპორტზე კონტროლისთვის თავის არიდებას, მუდმივად ეძებენ ახალ გზებს. ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს საქართველოს ხელისუფლებასთან. მრავალი წელია ვმუშაობთ საბაჟოსთან, შემოსავლების სამსახურთან, საზღვრის დაცვასთან, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან. ვატარებთ წვრთნებს, უზრუნველვყოფთ ტექნიკით, რომელიც სჭირდებათ, რომ იცოდნენ რა შემოდის აქ და რა გადის საქართველოდან. ეს საქართველოს ინტერესებშიც არის, ეს საქართველოს უსაფრთხოებასაც ეხება. უბრალოდ უნდა შევინარჩუნოთ სიფხიზლე. ეს იყო ელჩ ო’ბრაიენის გზავნილიც, აგრეთვე კოლეგებისა ბრიტანეთიდან და ევროკავშირიდან, რომლებიც აქ იმყოფებოდნენ კვირების წინ იმისთვის, რომ ეთქვათ – გმადლობთ, მჭიდრო თანამშრომლობისთვის და თუ შეიძლება, შევინარჩუნოთ სიფხიზლე, რომ რაც შეიძლება მალე დავასრულოთ ეს ომი. ეს არის ჩვენი მიზანი.

– გარკვეული ხნის წინ შეკითხვა დავუსვი საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს თავდაცვისუნარიანობაზე. შეკითხვა მარტივი იყო: არის თუ არა საქართველო უფრო დაცული, ვიდრე იყო უკრაინაში ომის დაწყებამდე? შეიძლება იგივე შეკითხვა დაგისვათ?

– შემიძლია იმის თქმა, რომ აშშ-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა არის იმაზე ძლიერი, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ის არის უფრო მნიშვნელოვანიც, ვიდრე ოდესმე ყოფილა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გამო. ფაქტი, რომ ამერიკელ და ქართველ სამხედროებს აქვთ ერთობლივი წვრთნები, ვარჯიშები, მსახურობენ ერთად, თავს წირავენ ერთად, არის ამ სფეროში მჭიდრო თანამშრომლობისა და პარტნიორობის ნიშანი. ეს შენდებოდა წლების, ათწლეულების განმავლობაში და ამ მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, გაძლიერდა საქართველოს თავდაცვის ძალები, გაძლიერდა სანაპირო დაცვის ძალები, სასაზღვრო დაცვის ძალები, სამართალდამცველები. ეს არის ამ სექტორებში აშშ-ის საქართველოსთან მრავალწლიანი პარტნიორობის შედეგი. როგორც აღვნიშნე, ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს ეროვნულ გვარდიასთან საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების საკითხებზე და ასევე მოიცავდა უფრო ფართო მედეგობასაც. ვიტყოდი, რომ საქართველო გაცილებით ძლიერია საკუთარი საზღვრების დაცვის უნარის თვალსაზრისით.

– ორი სიტყვით მაინც ნატოზე – შორეულ პერსპექტივად ხედავთ?

კელი დეგნანი: თუკი საქართველო შეასრულებს საშინაო დავალებას… საქართველოს აქვს მკაფიო გზა, ზუსტად ისეთი, როგორიც ევროკავშირთან: წლიური ეროვნული პროგრამა (ANP) არის დოკუმენტი, რომელსაც საქართველო წარადგენს და რომელზეც თანხმდება ნატოს წევრებთან. ეს გზამკვლევია. თუკი საქართველო შეასრულებს მძიმე სამუშაოს, რაც მოიცავს იმავე სახის პოლიტიკურ რეფორმებს, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირის წევრობისთვის, თუკი საქართველოს ლიდერებს ექნებათ საკმარისი გამბედაობა და ძალა დასხდნენ ერთად და შეასრულონ მძიმე საქმე, რომელიც გაწერილია 12 რეკომენდაციასა და წლიურ ეროვნულ პროგრამაში, რთული იქნება ევროკავშირის რომელიმე წევრისა თუ ნატოს რომელიმე მოკავშირე ქვეყნისთვის თქვას „არა“. თუმცა, საქმე გასაკეთებელია და ახლაა პროგრესის დრო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები