spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კელი დეგნანი – შეცდომა არ არის და საქართველოს ხელისუფლებას აქვს შანსი, რომ თავადაც გამოიძიოს ეს ფაქტები

ეს არის შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ გამოიძიოს სავარაუდო კორუფციის ის ფაქტები მართლმსაჯულების სისტემაში, რომლებიც ფართოდ არის ცნობილი უკვე წლების განმავლობაში, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა სასამართლოსთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნაზე საუბრისას განაცხადა.

 

“აშშ ყოველთვის მოუწოდებს საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს, რომ მივიდნენ პარლამენტში და ქართველი ხალხის სახელით შეასრულონ საკუთარი მოვალეობები. ეს ინსტიტუცია სწორედ ამისთვის შეიქმნა. ამიტომ, როდესაც რომელიმე პარტია საპარლამენტო მუშაობას ბოიკოტს უცხადებს, ეს ძალიან ცუდია. მე ვიმეორებ იმას, რაც არაერთხელ მითქვამს, რომ ეს არის შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ გამოიძიოს სავარაუდო კორუფციის ის ფაქტები მართლმსაჯულების სისტემაში, რომლებიც ფართოდ არის ცნობილი უკვე წლების განმავლობაში.

 

ზოგიერთმა ადამიანმა განცხადება გააკეთა, რომ ჩვენ კარგად არ ვიყავით ინფორმირებული, ამიტომ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ შეცდომა არ ყოფილა. აშშ დარწმუნებულია, რომ არსებობს საფუძველი ამ ოთხი პიროვნებისთვის სავიზო აკრძალვის დაწესებისა მათი კორუფციულ საქმიანობაში მონაწილეობის გამო. ჩვენ ჩავატარეთ მოკვლევა და განვიხილეთ ყველა ის ინფორმაცია, რომელიც უმეტესწილად საჯაროდ არის ხელმისაწვდომი. ასე რომ, აქ შეცდომა არ არის და საქართველოს ხელისუფლებას აქვს შანსი, რომ თავადაც გამოიძიოს ეს ფაქტები იმავე საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებზე დაყრდნობით, თუ ამის სურვილი ექნებათ.

 

ასევე არ არსებობს არანაირი შეცდომა აშშ-ის მართლმსაჯულების პროგრამებში მონაწილეობის თაობაზე. ეს პროგრამები ღიაა ყველა იმ მოსამართლისთვის, რომელიც კვალიფიცირებულია, აქვს მონაწილეობის დრო და შეუძლია, რომ მიღებული ცოდნა და ინფორმაცია ჩამოიტანოს და გამოიყენოს საქართველოში. ჩვენ არასდროს დაგვიბარებია მოსამართლეები და არ მოგვითხოვია მათთვის რაიმე სასამართლო საქმეზე ახსნა-განმარტება. ეს არასწორი ინფორმაციაა. 

 

უცნაურია, როდესაც ვისმენთ განცხადებას, რომ მთავრობა მოსამართლეების გვერდით დგას. საქართველოში ნამდვილად არიან პროფესიონალი მოსამართლეები და იმის თქმა, რომ მათი დაცვა გამოიხატება კორუმპირებული ოთხი პიროვნების დაცვაში, არის არასწორი. საქართველოს ხელისუფლებას აქვს შანსი, რომ ჩაატაროს გამოძიება და გამოავლინოს კორუმპირებული მოსამართლეები”, – განაცხადა კელი დეგნანმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები