როგორც სასამართლო, ისე კორუფციული ბიურო არის პოლიტიკური ტერორისა და პოლიტიკური რეპრესიების იარაღი საქართველოს ხელისუფლების ხელში. ერთ-ერთმა ბანკმა 17 სექტემბერს მოგვწერა, რომ კორუფციულ ბიუროს მისცეს ჩვენი ინფორმაცია. მათ ეს კანონდარღვევით გააკეთეს, იმიტომ, რომ ეს ინფორმაცია პირადი ცხოვრების საიდუმლოს კატეგორიაში გადის, – ამის შესახებ სამოქალაქო მოძრაობა “აირჩიე ევროპას” დამფუძნებელმა ხათუნა ლაგაზიძემ განაცხადა.
“6 სექტემბერს ჩვენ ანტიკორუფციული ბიუროდან გვეგზავნება გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ბანკებიდან გამოითხოვოს ინფორმაცია, ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციის “აირჩიე ევროპის” ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებული იყო ჩვენი ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ სხვადასხვა ღონისძიებებთან. საქალაქო სასამართლომ ზეპირი მოსმენით იმავე დღეს დააკმაყოფილა აღნიშნული, ჩვენ გავასაჩივრეთ სააპელაციო სასამართლოში და სააპელაციომაც ზეპირი მოსმენით დააკმაყოფილა და მიიღო აბსურდული გადაწყვეტილება მიიღო, რომ თურმე საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც საჯაროდ გამოთქვამს თავის აზრს ხელისუფლებაზე, უნდა ჩაითვალოს პარტიად და დაუწესდეს შესაბამისი შეზღუდვები.
გუშინ ანტიკორუფციულის ხელმძღვანელი ატარებს ბრიფინგს, სადაც გვთხოვს იმ ინფორმაციას, რომელიც უკვე გამოთხოვილი ჰქონდათ 6 სექტემბერს უკანონოდ. ჩვენ კორუფციული ბიუროს სახელზე 20 სექტემბერს გავუგზავნეთ განცხადება იმის თაობაზე, რომ წარვუდგენდით მოთხოვნილ ინფორმაციას და ამავე დროს, გამოვითხოვეთ მათგან ის სამართლებრივი აქტი, რომელზეც უნდა დაწყებულიყო მონიტორინგი ჩვენი ფიზიკური პირების და “აირჩიე ევროპას” გარშემო. მსგავსი სამართლებრივი აქტი არ არსებობდა, შესაბამისად, არ ჰქონდათ არც მონიტორინგის დაწყების უფლება და არც ბანკებიდან ინფორმაციის გამოთხოვის უფლება.
ერთ-ერთმა ბანკმა 17 სექტემბერს მოგვწერა, რომ კორუფციულ ბიუროს მისცეს ინფორმაცია. მათ ეს კანონდარღვევით გააკეთეს, იმიტომ, რომ ეს ინფორმაცია პირადი ცხოვრების საიდუმლოს კატეგორიაში გადის. აქვე გაცნობებთ, რომ ბატონი რაჟდენის ბრიფინგამდე ერთი დღით ადრე გავაგზავნეთ ფოსტის საშუალებით ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, ასე რომ, ჩვენ კანონთან სრულ შესაბამისობაში ვიმყოფებით, რასაც ვერ ვიტყვით ბიუროზე და სასამართლოზე. როგორც სასამართლო, ისე კორუფციული ბიურო არის პოლიტიკური ტერორისა და პოლიტიკური რეპრესიების იარაღი საქართველოს ხელისუფლების ხელში”, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.
ანტიკორუფციულმა ბიურომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, “აირჩიე ევროპა“ და მათი ხელმძღვანელები საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოაცხადა და მათზე კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები გავრცელდება. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის რაჟდენ კუპრაშვილის განაცხადებით, “ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებაში მოცემულია კონკრეტული ფაქტები, რომელიც უტყუარად ადასტურებს, რომ ეს ორგანიზაციები პოლიტიკურ პროცესებში ჩართულები არიან და ამისთვის კონკრეტული მატერიალური რესურსები, საკმაოდ მოცულობითი ხარჯები იხარჯება”.