ხელისუფლებამ მაისში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში შეიტანეს იმგვარი ცვლილება, რომელიც ამ კანონს აქცევს რუსულ კანონზე უფრო მძლავრ ბერკეტად და ეს არის ჩრდილოკორეული კანონი, – ამის შესახებ სამოქალაქო მოძრაობა “აირჩიე ევროპას” დამფუძნებელმა ხათუნა ლაგაზიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო ამგვარი კანონმდებლობებით სრული დიქტატურისკენ მიემართება.
“დღეს ჩვენ ვიწყებთ ბრძოლას საქართველოს თითოეული მოქალაქის გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების დაცვისთვის. დღეს ჩვენ ვიწყებთ საქართველოს თითოეული მოქალაქის ფინანსური უსაფრთხოების დაცვისთვის, ასევე, იმისათვის, რომ ანტიკორუფციული ბიუროს და საქართველოს ხელისუფლების ყოვლად უკანონო ქმედებებმა საფრთხე არ შეუქმნას საბანკო სისტემის სტაბილურობას, რაც საქართველოს თითოეული მოქალაქის გაკოტრებას გამოიწვევს. ამიტომ, ვაცხადებთ პირდაპირ, რომ ჩვენი ბრძოლა დღეს არის საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის უფლებისთვის განურჩევლად იმისა, რომელი პარტიის მხარდამჭერია.
ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც შეიქმნა დასავლეთის აქტიური მხარდაჭერით, საქართველოს ხელისუფლების ხელში იქცა ტოტალური დაშინების მანქანად. ბიურო, რომელსაც არ გამოუძიება არცერთი ხმაურიანი საქმე საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე, მიუხედავად არაერთი ინფორმაციისა, ეს ხელისუფლების ხელში იქცა საქართველოს მოქალაქეების, სამოქალაქო ორგანიზაციების ტერორის იარაღად.
ხელისუფლებამ, კანონმდებლებმა მაისში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში შეიტანეს იმგვარი ცვლილება, რომელიც ამ კანონს აქცევს რუსულ კანონზე უფრო მძლავრ ბერკეტად და ეს არის ჩრდილოკორეული კანონი. საქართველო ამ კანონით მიემართება სრული, გაფორმებული დიქტატურისკენ, ამიტომ, ჩვენი მოვალეობაა, ვიბრძოლოთ ჩვენი მოქალაქეების დაცულობისთვის”, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.
ანტიკორუფციული ბიურო “აირჩიე ევროპას” ორგანიზაციისგან ფინანსური შემოწირულობების ინფორმაციას მოითხოვს.