ნაბიჯი უკრაინის ფედერალიზაციისაკენ არის რუსეთის საბელი უკრაინის კისერზე, – ამის შესახებ Front News-ს პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ განუცხადა.
მისი თქმით, მოვლენების განვითარების რამდენიმე სცენარი არსებობს, მათ შორის სავარაუდოა, რომ უკრაინას დათმომებისკენ სვლას აიძულებენ, რამაც სიტუაციის დროებითი დეესკალაცია უნდა მოყვეს.
“ურთიერთგამომრიცხავი ამბები ვრცელდება, თუმცა ურთიერთშემავსებელიც. გარკვეული იმედი გაჩნდა ლავროვისა და შოიგუს პუტინთან შეხვედრის შემდეგ, რის შემდეგაც ლავროვმა განაცხადა, რომ დიპლომატიისათვის რესურსი კიდევ არსებობს. ასევე შოიგუს განცხადება, რასაც რუსეთის არმიის გენერლები ადასტურებენ, რომ დასრულდა წვრთნები რუსეთ-უკრაინის საზღვრის გასწვრივ და ასევე ბელორუსში მდებარე სამხედრო ნაწილებში ბრუნდებიან უკან, დისლოკაციის ადგილებზე, მაგრამ რას აჩვენებს კოსმოსური გადაღებები, ეს კიდევ სხვა თემაა.
მეორეს მხრივ, ყურადსაღებია, ბრიტანეთში უკრაინის ელჩის ვადიმ პრისტაიკოს ფრაზა, იმის შესახებ, რომ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ განიხილავს ნატოზე უარის თქმას, თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტრომ სხვაგვარად განმარტა ელჩის ეს ფრაზა, თუმცა ეს ფრაზა ითქვა და შესაძლოა, ეს იყოს სიტუაციის მოსინჯვა.
აქვე უნდა განვიხილოთ გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის მიერ მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ნათქვამი ფრაზა, რომ მას ზელენსკი დაპირდა, რომ შეიმუშავებს კანონპროექტებს დონბასის სპეციალური სტატუსისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების შესახებ. ეს ფაქტობრივად, ნიშნავს მინსკის შეთანხმების პირობებში დაბრუნებას, რაც არის ნაბიჯი უკრაინის ფედერალიზაციისკენ, ამ სეპარატისტული რეგიონებისათვის საგარეო პოლიტიკაზე ვეტოს დადების უფლების მინიჭებისკენ. ეს ნიშნავს, რომ შორეულ პერსპექტივაში უკრაინა დონეცკისა და ლუგანსკის არჩევნების გზით მოსული ხელისუფლების გარეშე საგარეო პოლიტიკას ვერ განახორციელებს. ეს არის რუსეთის საბელი უკრაინის ყელზე. მთელი ამ ხნის განმავლობაში ზელენსკი ეწინააღმდეგებოდა მინსკის ხელშეკრულების შესრულებას.
ამასობაში, სახელმწიფო დუმამ მხარი დაუჭირა რეზოლუციის პროექტს ე.წ. თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების შესახებ.
ნიშანდობლივია, რომ ამ დროს უკრაინაში იმყოფებოდა გერმანიის კანცლერი. ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ უკრაინას დათმობებისკენ სვლას აიძულებენ, რამაც უნდა მიგვიყვანოს სიტუაციის დეესკაცალიამდე. თუმცა სავარაუდოდ, დროებით, რადგან რუსეთი დათმობით არ კმაყოფილდება და ნებისმიერი დათმობა მას უბიძგებს შემდგომი ექსპანსიისკენ”, – განაცხადა ლაგაზიძემ.
მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტი დილემის წინაშეა.
“ბოლო დღეების ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი სცენარია, რომ დონეცკსა და ლუგანსკში რუსეთი შექმნის სიტუაციას, რომელზეც ზელენსკის მოუწევს რეაგირება. თუ რუსეთი მათ აღიარებს, მაშინ ზელენსკიმ უნდა დაიწყოს ოპერაცია ამ ტერიტორიების დასაბრუნებლად. უკრაინის მხრიდან სამხედრო ოპერაციის დაწყების შემთხვევაში, მას აღარ ექნება დასავლეთის მხარდაჭერა.
თუ არ დაიწყებს ზელენსკი ამ ოპერაციას, მაშინ მისი ხელისუფლებაში დარჩენა და მითუმეტეს მეორე ვადით არჩევა იქნება კითხვის ნიშნის ქვეშ, რადგან უკრაინელებისათვის ის იქნება ლიდერი, რომელმაც ვერ შეძლო უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება.
ეს იქნება ყველაზე მშვიდობიანი სცენარი, თუმცა არც ის გამოირიცხება, რომ მოხდეს დონეცკსა და ლუგანსკში პროვოკაცია და და უკრაინის პროვოცირება იმგვარად, რომ დასავლეთსა მის დახმარებაზე ხელი აიღოს”, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.