ბიძინა ივანიშვილი ერთი ერთში საუბრობდა პუტინის ენით. “გლობალური ომის პარტია”, “ლიბერალური ფაშიზმი”- ეს ფრაზეოლოგია ემთხვევა პუტინის ფრაზეოლოგიას, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, 12 წლის მანძილზე “ქართული ოცნება” მოქალაქეებს დაპირებებით კვებავდა.
“ბიძინა ივანიშვილი ერთი ერთში საუბრობდა პუტინის ენით. “გლობალური ომის პარტია”, “ლიბერალური ფაშიზმი”- ეს ფრაზეოლოგია ემთხვევა პუტინის ფრაზეოლოგიას. არაფერი არ აქვთ შესათავაზებელი მოქალაქეებისთვის, ვერ აგვარებენ ემიგრაციის პრობლემას, სამაგიეროდ აშენებენ უზარმაზარ ოფისს. ამ ოფისში 19 მილიონს იხდიან და ოზურგეთში, როდესაც სტიქიაა, ხალხთან ვერ მიდის სასწრაფო, იმიტომ, რომ ხიდები არ აქვთ და ევროკავშირს, რომელიც აშენებდა ამ პროექტებს ეუბნებიან, რომ “გლობალური ომის პარტიაა”.
12 წელი რას აკეთებდა “ქართული ოცნება”?! 12 წელი იკვებებოდნენ ზიზღით, ადამიანებს კვებავდნენ ზუსტად ამ დაპირებებით.
ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა გვესმოდეს, რომ ბიძინა ივანიშვილს საკუთარი მოქალაქეებისთვის არაფერი შესათავაზებელი არ აქვს, მთელი ქვეყნის ეკონომიკა პირად ბუფერულ ზონად უნდა გადააქციოს. როდესაც ადამიანებს ლუკმაპური უჭირთ, ისინი ოფისში თითქმის 20 მილიონს იხდიან”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.