მიუხედავად კატეგორიული გაფრთხილებისა, დღეს 83-მა ადამიანმა ამ დარბაზში ხელი მოაწერა საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებას. გეოპოლიტიკური არჩევანი ბიძინა ივანიშვილმა რუსეთის სასარგებლოდ გააკეთა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
დეპუტატი მოქალაქეებს აქციაზე გამოსვლისა და ხელისუფლებისთვის პასუხის გაცემისკენ მოუწოდებს.
“დღეს კობახიძეს ზუსტად ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ჰქონდა შეხვედრა. მიუხედავად ამ კატეგორიული გაფრთხილებისა, დღეს 83-მა ადამიანმა ამ დარბაზში ხელი მოაწერა საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებას. გეოპოლიტიკური არჩევანი ბიძინა ივანიშვილმა რუსეთის სასარგებლოდ გააკეთა, მაგრამ ხალხი, ვინც ახლა გარეთ დგახართ, თითოეული თქვენგანი, ჩვენი შვილებიც და ოჯახებიც ყველა გარეთ არის. თითოეული თქვენგანის გეოპოლიტიკური არჩევანი არის ევროპა. ამიტომ, მე გთხოვ, ახლა ტელევიზორებთან ჯდომის დრო არ არის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ერთად შევიკრიბოთ და ძალიან სწორი, კატეგორიული და ხისტი პასუხი გავცეთ ხელისუფლებას ამ სამარცხვინო საქციელზე. როცა ამ კენჭისყრის შემდეგ იძულებულები იქნებიან, რომ სპეცრაზმის საშუალებით გაიპაროს ყველა პარლამენტის შენობიდან”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილეს და მას მხარი დაუჭირეს.
რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 106-მა წევრმა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ ხმა მისცა პარლამენტის 23-მა წევრმა.