ყველას მოვუწოდებ, პარტიის შიგნით, თუ პარტიის გარეთ, რომ ამ საკითხით მანიპულირებას უნდა დაესვას წერტილი, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ პარლამენტის დატოვების შესახებ გაკეთებული მოწოდებების პასუხად განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატების შიმშილობის დაწყებას გეგმავდნენ, თუმცა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ შეცვალეს, რაც ცნობილი გახდა მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება შიმშილობის შეწყვეტის შესახებ.
ხატია დეკანოიძის თქმით, თუ რაიმე გარღვევა აქვს დღეს “ნაციონალურ მოძრაობას” მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ეს არის საერთაშორისო ასპარეზზე, რაც მათ შორის საპარლამენტო მანდატების გამოყენების შედეგად მიღწეული.
“ყველას მოვუწოდებ, პარტიის შიგნით, თუნდაც პარტიის გარეთ, რომ ამ საკითხით მანიპულირებას უნდა დაესვას წერტილი. დღეს იმის ნაცვლად, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე გველაპარაკა, მთავარი ფოკუსი იყო, რომ პარლამენტიდან გავა თუ არ გავა “ნაციონალური მოძრაობა”. ფრაქცია მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც წაადგება მიხეილ სააკაშვილის საუკეთესო ინტერესებს. და თუ რამეში დღეს პარტიას აქვს ძალიან დიდი გარღვევა მიხეილ სააკაშვილის საკითხზე, ნიკა გვარამიას საკითხზე, ეს არის საერთაშორისო ასპარეზი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მისი თქმით, ამ შანტაჟს არ დაექვემდებარება და „ერთდღიანი ნიუსისთვის“ ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, რადგან როგორც პოლიტიკოსს აქვს თავისი პასუხისმგებლობა.