ბიძინა ივანიშვილმა თავისი ხეებით დაინტერესება ერთ-ერთ ინტერვიუში ასე ახსნა: “თუ ხესთან ენერგეტიკულ კონტაქტს დაამყარებთ, ცოტა ხანში განსხვავებული შეგრძნება დაგეუფლებათ, დონორი ხის შემთხვევაში ეს იქნება ტალღისებური სითბო, ვამპირის შემთხვევაში კი იგრძნობთ, როგორ თავისუფლდებით შინაგანი ზეწოლისგან, ტკივილისგან, და სიმძიმისგან”. თუმცა მილიარდერს არ აინტერესებს თუ რას განიცდიან ხეები, მას შემდეგ რაც თავის საცხოვრებელს ბევრი წლის მერე იძულებით ტოვებენ, არც მათი პატრონების ემოციები ადარდებს დიდად.
ოზურგეთის სოფელ შეკვეთილში, იმ პარკში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილმა გააშენა, ახალი ჯიშის ხეების გადატანა გრძელდება. ივანიშვილის ოჯახთან დაკავშირებული კომპანიების წარმომადგენლები, საქართველოს გაღატაკებულ მოსახლეობაზე ისევ ძალადობენ და სახლებიდან იტაცებენ უნიკალური ჯიშის ხეებს. ამ პროცესში, ტრადიციულად ჩართული არიან როგორც ადგილობრივი მთავრობის წევრები და მათი მხარდამჭერები, ასევე პოლიციელები და სუსის თანამშრომლები. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ივანიშვილის კომპანიამ 300-ზე მეტი უნიკალური ჯიშის ხე ჩამოიტანა ოლიგარქის დენდროლოგიურ პარკში.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბევრი ხე ვერ უძლებს შეცვლილ გარემოს, ახალ კლიმატური პირობებს და ხმება. როგორც ხელვაჩაურის მკვიდრი ჯემალ ბერიძე ამბობს, მისი სახლიდან წაღებული მრავალწლოვანი ტიტას ხე გახმა და მოჭრეს. ბატონი ჯემალი მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც მისი შვილი გარდაიცვალა და აღარ ეშინია, რომ ის სამსახურს დაკარგავს. “2016 წელს მე არ მინდოდა ამ ხის ივანიშვილისათვის მიცემა, მაგრამ აჭარის პოლიციის უფროსმა რესან კონცელიძემ ჩემს შვილს უბრძანა, რომ ეს ხე ბიძინასთვის გადაგვეცა საჩუქრად. ჩემი შვილი მაშინ პოლიციაში მუშაობდა და რომ არ დავთანხმდებოდი სამსახურიდან გააგდებდნენ. დღეს აღარც ჩემი შვილია ცოცხალი და როგორც მითხრეს, ჩემი ხეც გახმა. ეს ხე მე შვილივით მყავდა გაზრდილი და ალბათ, ვერ გაუძლო ჩვენთან განშორების დარდს. როდესაც ჩემი ტიტას ხეს თხრიდნენ, მე მთელი სხეული მტკიოდა”, – ამბობს ჩვენთან საუბარში ჯემალ ბერიძე. ჩვენ გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია და შეკვეთილში და ტიტას ხე იმ ადგილზე აღარ დაგხვდა. ეს ხე პირველი მრავალწლოვანი ხე იყო, რომელიც აჭარიდან გურიაში ზღვით გადაიტანეს.
კიდევ ერთი ძალადობის ფაქტის შესახებ გახდა ცნობილი 2 დღის წინ, როდესაც ივანიშვილის ოჯახთან ასოცირებული შპს “ზიმოს” დირექტორმა ზურაბ მენაბდემ და პოლიციელმა ვალერი დოლიძემ ძალადობა და მუქარა განახორციელეს ოზურგეთელი თენგიზ ხინთბიძის მიმართ. ამას მხარეთა შორის ხმაურიანი შელაპარაკება და გარჩევა მოჰყვა. მოძალადეებმა მხოლოდ მას შემდეგ დატოვეს ტერიტორია, რაც ხინთიბიძის დასაცავად მთელი ქუჩის მცხოვრებლები გამოვიდნენ. მათ შორის იყო “ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის წევრი” კუკური გიორგაძე. ბატონი გიორგაძე აცხადებს, რომ “ეს არის ყაჩაღობა, რომელსაც ივანიშვილი ახორციელებს სახელმწიფო ინსტიტუტების დახმარებით. საჭიროა, რომ ხალხი ერთად დავდგეთ და მთელი საქართველოს მასშტაბით გავაპროტესტოთ ეს დანაშაული. ივანიშვილი უნდა მიხვდეს, რომ საქართველო არ არის მისი ბოსტანი, და ეს არის სახელმწიფო! ივანიშვილმა პასუხი უნდა აგოს ყველა დანაშაულისათვის, რაც მან 10 წლის განმავლობაში ჩაიდინა, როგორც თავზე ხელაღებულმა ოლიგარქმა. ბატონი ხინთიბიძე აცხადებს, რომ ის ოლიგარქს არ აქვს უფლება, რომ ასე უსამართლოდ მოექცეს უბრალო ადამიანებს, არ აქვს უფლება რომ წაართვას მას საკუთრების უფლება და ბავშვობის მოგონებები, რომელიც ამ ცაცხვის ხესთან არის დაკავშირებული. ჩვენ შევეცადეთ, რომ დავკავშირებოდით და შეკითხვები დაგვესვა, ზურაბ მენაბდე და ვალერი დოლიძისთვის, თუ ვისი დავალებით იტაცებენ ისინი ხეებს, თუმცა არც ორივე მათგანმა უარი გვითხრა ინტერვიუზე და ჩვენს შეკითხვებს არ უპასუხეს.
ჩვენთვის ასევე ცნობილი გახდა ინფორმაცია, რომ ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა აფრიკაში შეიძინა 12 ბაო ბაბის ხე და აპირებს, რომ უახლოეს მომავალში ეს ხეები საქართველოში ჩამოიტანოს. უნდა აღინიშნოს, რომ ბაო ბაბების ექსპორტი აფრიკიდან აკრძალულია, მაგრამ მოახერხებს თუ არა ოლიგარქი აფრიკის მთავრობაში, ფულით “საქმის მოგვარება” ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი, მას შემდეგ თუ აფრიკული ბაო ბაბებს დავინახავთ, შავ ზღვაში მოცურავეს.