“ჩადექი ცოცხალ ჯაჭვში მუზეუმის და საგანძურის გადასარჩენად” – ამ ლოზუნგით შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმთან თავისუფლების ინსტიტუტისა და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების ორგანიზებით აქცია იმართება.
აქციის მონაწილეები კულტურის სამინისტროსგან და თეა წულუკიანისგან მუზეუმთან დაკავშირებით კონკრეტულ გეგმას ითხოვენ და ამბობენ, რომ ეროვნული საგანძური საფრთხის ქვეშააა.
“ლეგიტიმური შიში არსებობს იმისა, რომ მუზეუმს და მასში დაცულ განძს საფრთხე ემუქრება. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა განცხადება, რომ მუზეუმის აღდგენა არარენტაბელურია. ეს ყველაფერი რეალური შიშის საფუძველს გვიტოვებს. ამ ხალხმა საყდრისი ერთხელ უკვე ააფეთქა, შესაბამისად, შიში არის რეალური”, – აცხადებს თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორი სალომე ხვადაგიანი.