მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვუყურებთ, რომ საკმაოდ შემცირებულია კოვიდინფიცირებულებთა რაოდენობა, მე მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ პირბადის ტარება და შესაბამისად ამის კონტროლი არის აუცილებელი ღონისძიება და პრევენცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მოსახლეობა უნდა იყოს მაქსიმალურად ყურადღებით და დაიცვას რეკომენდაციები, რადგან თუ გაუარესდება კოვიდვითარება, მთავრობა იძულებული გახდება, რომ გარკვეული შეზღუდვები ისევ დააწესოს.
"კიდევ ერთხელ მივმართავ მოსახლეობას, რომ პირბადის ტარება არის აუცილებელი და ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ამ მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ შევამსუბუქეთ შეზღუდვები, ყველა ეს ღონისძიება ემსახურებოდა იმას, რომ მაქსიმალურად სწრაფად აღდგეს და გაიხსნას ეკონომიკა. მეორე მხრივ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ თუ გაუარესდება ვითარება ჩვენ ისევ გავხდებით იძულებული, რომ გარკვეული შეზღუდვები დავაბრუნოთ. სწორედ ამის თავიდან აცილების მიზნით საჭიროა, რომ ელემენტარული მოთხოვნები დავიცვათ და რა თქმა უნდა ამას შესაბამისი კონტროლი სჭირდება მთავრობის მხრიდან", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.