სახელმწიფოს მიერ დანიშნული ექსპერტიზა მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელ ჯანმრთელობის მდგომარეობას არ ეხება, – ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, ექსპერტიზა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის 3 თვის წინ გაკეთებული მოთხოვნის საფუძველზე დაინიშნა.
“ეს ექსპერტიზა არ ეხება მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელ ჯანმრთელობის მდგომარეობას, ეს ეხება გამოძიების საგანს, რომელიც უკავშირდება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-12 და მე-18 დაწესებულებებსა და გორის ჰოსპიტალში რამდენად ადეკვატური სამედიცინო მომსახურება იყო გაწეული. ეს ექსპერტიზები დანიშნული ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის მოთხოვნით, რომელიც გაკეთდა 3 თვის წინ, მაგრამ ამ 3 თვის განმავლობაში ხდებოდა გარემოებების გადამოწმება. 49 პირია გამოკითხული, ეს ამომწურავი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ კომისიურ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას. მეორეჯერ ინიშნება ფსიქოლოგიური ექსპერტიზაც და ასევე, ტანსაცმლის ექსპერტიზაზეც მიღებულია პასუხი და ადვოკატს აქვს სრული შესაძლებლობა, ნებისმიერ დროს მოვიდეს და მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია“, – განაცხადა კოკა კაციტაძემ.
ალტერნატიული სამედიცინო ექსპერტების მიერ მუშაობის დაწყების პარალელურად მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სახელმწიფო ექსპერტიზაც დაინიშნა.