spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კონსტანტინე თოფურია – ირაკლი კობახიძის და ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ დღეს შეგვაქვს სარჩელი სასამართლოში

საქართველოს უნივერსიტეტი ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ სასმართლო დავას იწყებს, – ამის შესახებ  საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა კონსტანტინე თოფურიამ განაცხადა.

 

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის და “ქართული ოცნების” თავმჯდომარის წინააღმდეგ სარჩელით სასამართლოს დღეს მიმართავენ.

 

“უკიდურესად შეშფოთებულები ვართ იმ განცხადებებით, რაც უკანასკნელ დღეებში გვესმის ჩვენი უნივერსიტეტის მისამართით. ეს სიცრუეზე აგებული კამპანია მიზნად ისახავს უნივერსიტეტის, მისი სტუდენტების დისკრედიტაციას, იმ ღირებულებების დისკრედიტაციას, რასაც წლებია, ვემსახურებით, დემოკრატიული და ჰუმანური ღირებულებების დისკრედიტაციას, განათლების, პროგრესის, თავისუფლების ხარისხის, ჰუმანურობის და შრომის დისკრედიტაციას. უნივერსიტეტის დისკრედიტაციით ცდილობენ ჩირქი მოსცხონ ჩვენ სტუდენტებს, რომლებითაც ვამაყობთ, რომლებიც მართლაც ისტორიის ნათელ მხარეს დგანან. 

 

მერამდენედ გაჟღერდა ტყუილი თითქოს, საქართველოს უნივერსიტეტი გიული ალასანიას 1 ლარად გადაეცა. ტყუილია. გიული ალასანიამ და მანანა სანაძემ ეს უნივერსიტეტი ნულიდან შექმნეს 2004 წელს. ყოველგვარი სახელმწიფო დახმარების გარეშე მივედით იქამდე, რასაც ახლა ხედავთ. 

 

საქართველოს უნივერსიტეტის შენობები ჩვენ საჯარო აუქციონზე, დაახლოებით, 4 მილიონ ამერიკულ დოლარად შევიძინეთ. ეს შეგიძლიათ ყველგან გადაამოწმოთ. ამ შენობების შესაძენი თანხა საბანკო სესხით მივიღეთ. ტყუილია, როცა ამბობენ, რომ ამ შენობებს უნივერსიტეტი რუსეთთან ომის დროს დაეპატრონა, ისინი ომის დაწყებამდე, 2007 წელს, ნაწილი კი 2008 წელს ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე იქნა შეძენილი.

 

ცილისწამებისთვის, დეზინფორმაციისთვის და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის ბატონების – ირაკლი კობახიძის და ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ დღეს შეგვაქვს სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში. ყოველივე ეს კეთდება იმისთვის, რომ ვერავინ შეძლოს ახლა და მომავალში ჩვენს სტუდენტებს მიაძახოს თითქოს, მათი უნივერსიტეტი რაიმე კორუფციული გარიგებით შეიქნა. ვწუხვართ, რომ ხელისუფლება მოქცეულია იმ იდეოლოგიური პროპაგანდის ტყვეობაში, რასაც პუტინის პროპაგანდისტები დიდი ხანია ავრცელებენ”, – განაცხადა კონსტანტინე თოფურიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები