თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცის გალერეა, 22 მარტიდან წარმოგიდგენთ კოტე სულაბერიძის პერსონალურ გამოფენას „ჩემი კავკასიონი”. გამოფენა მხატვრის 1990-იანი წლებიდან დღემდე შექმნილ შერჩეულ ნამუშევრებს აერთიანებს.
გამოფენის მთავარი ღერძია სამშობლოს იდეა, რომელიც პირდაპირი ან ირიბი მინიშნებებით კვეთს მხატვრის თითოეულ ნამუშევარს. დღევანდელ გარემოში, სადაც საქართველო მრავალ გამოწვევას უპირისპირდება, ეს გამოფენა არ არის მხოლოდ რეტროსპექტული ხედვა; ეს არის დიალოგი წარსულსა და აწმყოს შორის და ფიქრი მომავალზე. ჩემი კავკასიონი – სადაც წარმოდგენილია თანამედროვე საქართველოს პირველი ნაბიჯების პარალელურად შექმნილი ნამუშევრები, ერთის მხრივ ისტორიის მიმოხილვაცაა და თანამედროვე გამოწვევებზე რეაქციაც.
კოტე სულაბერიძის ნამუშევრებში სამშობლო არ არის მხოლოდ გეოგრაფიული ან პოლიტიკური სივრცე. ეს არის ემოციური და კულტურული ლანდშაფტი, რომელიც რეალური და სიმბოლური დეტალებით ივსება, საბნის ნაოჭებიდან – მთის ფერდებამდე. მისი შემოქმედება ერთდროულად ასახავს სახიფათო, რთულ რეალობასა და ინტიმურ კავშირს სამშობლოსთან.
კოტე სულაბერიძე (დაბ. 968) ქართული თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. მისი ნამუშევრები 1990-იან წლებში გამოჩნდა და მას შემდეგ კონცეპტუალური ფერწერის, წიგნის ილუსტრაციისა და ვიდეო არტის მიმართულებით მუშაობს.
მხატვარს 100-ზე მეტი წიგნის დიზაინსა და ილუსტრაციაზე უმუშავია, მათ შორის ერლომ ახვლედიანის წიგნის ვანო და ნიკო ჰოლანდიურ ენაზე გამოცემისთვის (Voetnoot, 2003), ქართულ გამოცემებზე კენ კიზის… გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა (დიოგენე, 2012) და უმბერტო ეკოს ვარდის სახელით (დიოგენე, 2011).
კოტე სულაბერიძე აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო პროექტებსა და გამოფენებში. მისი ბოლოდროინდელი სოლო გამოფენებია: ,,მშვიდი ცხოვრება’’ (თანამედროვე ხელოვნების გალერეა, ქარვასლა, თბილისი, 2020); ,,…ტურფასა საბაღნაროსა…’’ (ბაია გალერეა, თბილისი, 2023). მისი ნამუშევრები აგრეთვე წარმოდგენილი იყო თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში – KIASMA (ჰელსინკი, ფინეთი, 2007); Progressive Nostalgia – Centro per L’Arte Contemporanea Luiggi Pecci (პრატო, იტალია, 2007); Sotheby’s-ის აუქციონის სახლსა (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი, 2013) და Vienna Fair-ზე (ვენა, ავსტრია, 2014).
სულაბერიძემ განათლება თბილისის სამხატვრო აკადემიაში მიიღო, ხოლო შემდგომ წლებში პედაგოგიური მოღვაწეობა გააგრძელა თბილისის სამხატვრო აკადემიასა და თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლაში (VA(A)DS).
გამოფენის კურატორები არიან სანდრო სულაბერიძე და მარიამ წიქარიძე.
გამოფენის ნახვა შესაძლებელია ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 10:00-დან 20:00 საათამდე, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში მარჯანიშვილის ქ.7.
(R)