ყოფილი პოლიტპატიმარი გენადი აფანასიევი რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიღუპა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში კინორეჟისორი ოლეგ სენცოვი წერს.
“ყოფილი პოლიტპატიმარი გენადი აფანასიევი სამშობლოს დასაცავად ფრონტზე დაიღუპა. მარადიული დიდება გმირებს!”, – წერს სენცოვი.
ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარის მოადგილემ, სახალხო დეპუტატმა ახტემ ჩიიგოზმა განაცხადა, რომ აფანასიევი დაიღუპა ლუგანსკის ოლქში, ბელოგოროვკას მახლობლად. მან აღნიშნა, რომ ყოფილი პოლიტპატიმარი 241-ე ბრიგადის 130-ე ბატალიონის შემადგენლობაში იბრძოდა.
2014 წლის მაისში, ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ, რუსეთის FSB-მ აფანასიევი სიმფეროპოლში დააკავა. მას ბრალი ედებოდა ტერორისტული აქტების მომზადებაში.
აფანასიევი ერთ-ერთი ბრალდებული იყო ე.წ „სენცოვის ტერორისტების ჯგუფის“ საქმეზე. კრემლის რეჟიმმა პოლიტპატიმარს თავისუფლების 7 წლით აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა ორი წლის შემდეგ, გაცვლის შედეგად, ის უკრაინაში დააბრუნეს.