ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება.
“დეკემბერში ღარიბაშვილმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იზეიმა და მას გამარჯვება უწოდა. 4 თვის შემდეგ ამბობს, რომ საქართველო არ არის მზად. კონკრეტულად ვინ არ არის მზად: ქართველი ხალხი თუ “ქართული ოცნება”? პასუხი ნათელია. “ქართული ოცნება” რუსული სტილის კანონებს იღებს, პროევროპელი ხალხი კი ქუჩებში აპროტესტებს”, – წერს კუბილიუსი სოციალურ ქსელში.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იმ დროისთვის, როცა ქვეყანა მზად იქნება და გვეტყვიან, ხვალვე გახდებით ევროკავშირის წევრი, მარტივად შეიძლება კანონის გაუქმებაც, შეცვლაც, ახლის მიღებაც.
“დღეს ქვეყანა არ არის მზად, გახდეს წევრი ქვეყანა, ხომ მეთანხმებით? არ არის კონსენსუსი, რომ დღესვე შეიძლება, გახდეს ქვეყანა ევროკავშირის წევრი, მით უმეტეს, ამდენი პრობლემაა და მთელი დრო დასჭირდება ამას. დღეს არ არის ევროკავშირი მზად გაფართოებისთვის და ამას დრო დასჭირდება. შემდეგი ნაბიჯები ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ძალიან მარტივად, მინდა, გითხრათ, თუ იმ დროისთვის, როცა ქვეყანა მზად იქნება და გვეტყვიან, ხვალვე გახდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ძალიან მარტივად შეიძლება, ამ კანონის გაუქმებაც, გადახედვა, შეცვლა, ახლის მიღებაც. ასე რომ, ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი ძალიან კარგად არის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.