განრიგის მიხედვით, პირველი F-16-ები უკრაინის ცაზე 2024 წლის მარტის ბოლომდე უნდა გამოჩნდნენ, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.
მისივე თქმით, F-16-ების უკრაინისთვის გადაცემა რთულ ტექნიკურ საკითხებთან არის დაკავშირებული.
როგორც კულებამ აღნიშნა, მფრინავების მომზადება დაახლოებით აგვისტოში, შესაძლოა, სექტემბრის დასაწყისში უნდა დაიწყოს. პარალელურად, გაგრძელდება თვითმფრინავების და გადაცემისთვის აუცილებელი სამართლებრივი გადაწყვეტილებების მომზადება.
“ვფიქრობ, თუ მომავალი წლის პირველი კვარტალის ბოლომდე პირველი F-16-ები უკრაინულ საჰაერო სივრცეში იფრენენ, რომელსაც უკრაინელი მფრინავები აკონტროლებენ, მაშინ ეს იქნება გრაფიკის შესაბამისად“, – განაცხადა კულებამ.
ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ინჟინრების, ტექნიკოსების მომზადება და შესაბამისი ინფრასტრუქტურა.
მისი თქმით, ბევრი ნიუანსია, ამიტომ გრაფიკი შეიძლება შეიცვალოს.
“მაგრამ ახლა თავდაცვის მინისტრი აქ (ნატოს სამიტზე ვილნიუსში) ძალიან აქტიურად მუშაობს. ჩვენ ერთად ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად დავაჩქაროთ”, – აღნიშნა კულებამ.
უკრაინისთვის თანამედროვე გამანადგურებლების, კერძოდ, F-16-ის გადასაცემად შექმნილ საავიაციო კოალიციას ნიდერლანდები და დანია ხელმძღვანელობენ, რომლებიც უკრაინელი მფრინავების მომზადებას აპირებენ. მომზადებაში ჩაერთვება ბრიტანეთი და საფრანგეთიც.