spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლადო კახაძე – შერიგებას რა ჯობია, მაგრამ იმ გამოცდილებიდან, რაც მაქვს, პოლიტიკური შერიგება არ იქნება

შერიგებას რა ჯობია, მაგრამ იმ გამოცდილებიდან, რაც მაქვს, პოლიტიკური შერიგება არ იქნება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლადო კახაძემ Front News-ს  განუცხადა.

 

მისი თქმით, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საკითხი მისთვის ნაკლებ საინტერესოა და ქვეყანას სხვა უფრო  მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს მისახედი.

 

“ვიტყვი, რომ ჩემთვის ეს ნომერ პირველი ინფორმაცია არ არის დღის განმავლობაში, ეს არის ჩვეულებრივი ინფორმაცია, რომელსაც ტელევიზიით ვეცნობი და თვითონ არ ვეძებ. ქვეყანას უამრავი სხვა პრობლემა აქვს, მათ შორის  ჩვენი დამოკიდებულება უშუალოდ ჩრდილოეთის მონსტრთან, რომელსაც ჩვენი ქვეყნის კარგად ყოფნა არ უხარია,  ასევე ჩვენი ქვეყნის დაახლოება ევროატლანტიკურ სივრცესთან და სხვა გამოწვევები.  

 

მიმაჩნია, რომ მე ვეკუთვნი იმ ქვეყანას, რომელსაც კონსტიტუცია უნდა მართავდეს და მიხეილ სააკაშვილის საკითხი  არის სამართლებრივი საკითხი და მას გაუძღვება სასამართლო ხელისუფლება.  მის ვერდიქტს უნდა დაემორჩილოს ნებისმიერი. ამ საქმის პოლიტიკური ნაწილი დასრულდა 2012 წელს, როდესაც ვერდიქტი გამოიტანა მოსახლეობამ, მას შემდეგ ქვეყანა გადავიდა სხვა რელსებზე, რაც არ აწყობს რუსეთს და იმ ძალას, რომელიც რუსეთის ნებას ასრულებს ამ ქვეყანაში”,  – განაცხადა კახაძემ. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ფარმაკოლოგიური მოწამვლის საკითხს, კახაძე აცხადებს, რომ ესეც ვიწრო პროფესიულ ჭრილში განსახილველი საკითხია. 

 

“როგორც ექიმი, სულ ვფიქრობ, შევაფასო ეს მოვლენები,  თუ არ შევაფასო. მოწამვლა, რაღაც წამალი… –  არ ჩავერევი  ამ საკითხში, რადგანაც მას მკურნალობენ ის ადამიანები, რომელიც თვითონ აირჩია და დათანხმდა. ესეც არის ვიწრო პროფესიული საკითხი, აქაც არსებობს კომისიები, არსებობს პირადი ექიმი, მედიცინა არის მტკიცებულობითი ფორმით”, – განაცხადა კახაძემ. 

 

რაც შეეხება პოლიტიკური შერიგების ნაწილს, “ქართული ოცნების” დეპუტატი მიიჩნევს, რომ ამას პერსპექტივა არ აქვს, რადგანაც არ არსებობს ნდობა. 

 

“შერიგება არის ძალიან კარგი სიტყვა, მაგრამ ვინ ამბობს, ამას აქვს მნიშვნელობა. ეს არის ნდობის საკითხი, ნდობის  ხარისხი კი არის ნული.   ბოდიშის მოხდა არის აქტი, ჯერ უნდა მოიხადო ბოდიში და შემდეგ დაელოდო მეორე მხარეს, იღებს თუ არა შენს ბოდიშს. ეს არის  ერთობლივი პროდუქტი. მარტო ჩვენთან კი არა, პოლიტიკური ნდობის საკითხი უნდობლობამ ჩაანაცვლა ყველგან,  ურთიერთნდობა მოქიშპეებს არ აქვთ. შერიგებას რა ჯობია, ბრწყინვალე გადაწყვეტილება იქნება, მაგრამ იმ გამოცდილებიდან, რაც  მაქვს, პოლიტიკური შერიგება არ იქნება. ის მხარე, რომელსაც მხოლოდ რევანშის წყურვილი ახრჩობს, ნებისმიერი სიტყვა, კეთილი სიტყვაც კი ფუჭდება  მათ მიერ წარმოთქმული. გული მიკვდება,  ამას რომ ვამბობ, იმიტომ რომ ყველას ვიცნობ, იქეთ მხარეს, აქეთ მხარეს. მე მტკივა შეურიგებლობა”, – განაცხადა ლადო კახაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები