spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლაშა ბერიძე – თუ არ იქნება ზელენსკი, რომელიც ასეთ ძლიერ ლიდერად ჩამოყალიბდა, რუსებისთვის ეს გამარჯვება იქნება, ამერიკელებს კი ზელენსკი ხელს უშლით

აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის დაწყებული დაპირისპირება კვლავ განხილვის საგანია. მსოფლიო საგონებელშია, რა არის ტრამპის რიტორიკის რეალური მიზანი, რომელმაც ამ ფორმით მოკავშირეების მწვავე კრიტიკა დაიმსახურა. ახლა ყველას მოლოდინი ორი მთავარი შეხვედრისკენ არის მიმართული. ერთია ტრამპის და პუტინის შეხვედრა, რომელიც სავარაუდოდ, თვის ბოლოს უნდა გაიმართოს, მეორე კი აშშ-ის პრეზიდენტის, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონსა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის, რომელიც მომდევნო კვირას  ჩაინიშნა.

რა მოლოდინი არსებობს ამ შეხვედრების შემდეგ და რა რეალობა შექმნა ტრამპის ახალმა საგარეო პოლიტიკამ? აპირებს თუ არა ის უკრაინის ომის დასრულების სანაცვლოდ რუსეთთან მაქსიმალურ კომპრომისზე წასვლას? – ამ და სხვა საკითხებზე Front News პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს ესაუბრა.

– აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა თვის ბოლოს არის მოსალოდნელი. ის განცხადებები, რომელიც ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მისამართით გააკეთა, რისი თქმის საფუძველს გაძლევთ. ტრამპსა და პუტინს შორის შეხვედრამდე, მოლაპარაკების წინ, რა სავარაუდო კონტურები გამოიკვეთა? აპირებს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია უკრაინაზე ზეწოლის ფონზე, რუსეთისთვის სასურველი შედეგის მიღებას?

– ძალიან რთულია უკვე ამ არეულობაში გაარჩიო ადამიანმა, პოპულიზმი რომელია და რეალობა რომელი. ან ტრამპის ამ განცხადებების უკან სინამდვილეში რა სახის პოლიტიკური სვლები იკითხება. თუმცა ჩვენ უნდა ვიაზროვნოთ რაციონალურად და ვიმსჯელოთ იმაზე, რეალურად რისი მიღწევაა შესაძლებელი. უბრალოდ, ამ ეტაპზე, მიღწევადია ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებები. თუმცა რატომ უნდა დასთანხმდეს ამას პუტინის რეჟიმი, რომელიც არ არის რაციონალური მოთამაშე. ამიტომ ტრამპის ადმინისტრაციას უნდა, რომ მშვიდობა დამყარდეს და ამას გამარჯვებად გაასაღებს. თუმცა აქ არის ერთი რეალობა, არ აქვს მნიშვნელობა იქნება ზელენსკი თუ სხვა ვინმე, უკრაინა რუსეთს ამ ტერიტორიებს ვერ დაუკანონებს.

ამიტომ აქ არის ჩიხი, რადგან პუტინს თუ ტერიტორიები არ დაუკანონე, მას სხვა არაფერი უნდა, სხვა არაფერი ხიბლავს, გარდა ამ სურვილისა, რის გამოც ის უკრაინაში შეიჭრა. აქ არის სიტუაცია გაჭედილი. ყველა მოლაპარაკების დროს ასე ხდება, ტრამპის და პუტინის მოლაპარაკების წინაც, ე.წ. უკანა კარების მოლაპარაკებები მიდის. ამიტომ რაღაცა კონტურები უკვე გამოიკვეთა. ჯერჯერობით, რასაც ტრამპი აჟღერებს, ეს არის ფაქტობრივად რუსეთიდან ნაკარნახევი პოზიცია, რა უნდა კრემლს. სხვა ჯერჯერობით ამერიკელებს არაფერი უთქვამთ. რეალობა კიდევ უფრო მძიმეა, რადგან ტრამპი ვერ იზამს, რომ უკრაინას დახმარება შეუწყვიტოს. რეალურად, ამ ეტაპზე, სახეზე გვაქვს მხოლოდ ტრამპსა და მოკავშირეებს შორის დაპირისპირება. ტრამპი ახლა ევროპელებს უყენებს ასე საკითხს, რომ უბრალოდ ყველა მის ნებას უნდა დაყვეს. მას სურს, რომ ევროპა უპირობო ვასალურ დამოკიდებულებას დასთანხმდეს. აქ კითხვა ისმება არა მხოლოდ იმაზე, რა მოუვა უკრაინას, არამედ როგორი იქნება ტრანსატლანტიკური ურთიერთობები. ტრამპის ამ რიტორიკამ ევროპასთან ურთიერთობის კუთხითაც სერიოზული ბზარები გააჩინა. სამწუხაროდ, არც იმას გამოვრიცხავ, რომ კუთხეში მიყენებული ევროპელები, რაც ყველაზე მძიმე შესაძლოა, აღმოჩნდეს, ტრამპს თავად დაუზავდნენ. არ არის ეს მოსალოდნელი, მაგრამ შესაძლებელია.

– თქვენ განაცხადეთ, რომ ამერიკელები ჯერჯერობით ახმოვანებენ იმას, თუ რა სურთ რუსებს. ფიქრობთ, რომ უკრაინაში არჩევნების ჩატარება, ზელენსკისთვის დიქტატორის და არალეგიტიმური პრეზიდენტის ძახილი სწორედ აშშ და რუსეთს შორის უკვე შეთანხმებული პოზიციაა? ანუ მოლაპარაკების პროცესში მათ ზელენსკის თავიდან მოშორება სურთ? რას ნიშნავს მათი პოზიციის თანხვედრა ამ საკითხზე? 

– მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი შეთანხმების არა, მაგრამ ინტერესთა თანხვედრის ნაწილია. თუ არ იქნება ზელენსკი, რომელიც ასეთ ძლიერ ლიდერად ჩამოყალიბდა, რუსებისთვის ეს გამარჯვება იქნება. ამერიკელებს კი ზელენსკი ხელს უშლის, ისე ვერ აკეთებინებენ ყველაფერს, როგორც თავად სურთ. რა თქმა უნდა, არჩევნები მათ ახლა ესახებათ გამოსავლად. თუკი ახალ არჩევნებს ჩაატარებენ, ზელენსკის არ ექნება ასეთი ძლიერი მანდატი, როგორც ახლა აქვს, ან ორივე მხარე ფიქრობს, რომ ის მოგებას ვეღარ შეძლებს. თუმცა ასეთი უხეში ფორმით ამის მოთხოვნა, როგორსაც ჩვენ თვალს ვადევნებთ, არ მგონია მომგებიანი იყოს. დღევანდელი მსოფლიო მაინც რთული მექანიზმია და არ მგონია, ასე მარტივად მოხდეს ეს ყველაფერი.

– ფიქრობთ, რომ ტრამპის გაღიზიანება ზელენსკის მიმართ გარკვეულწილად გამოიწვია ბუნებრივი რესურსების მოპოვების საკითხმა, სადაც აშშ უკრაინის ტერიტორიაზე არსებულ ამ ძვირფას მინერალებზე 50%-იან წვდომას ითხოვს? ტრამპმა თქვა, რომ მის ჩინოვნიკს ზელენსკი არ შეხვდა და შეთანხმებაზე ხელი არ მოაწერა. ზელენსკის პოზიციაა, რომ 500 მილიარდის სანაცვლოდ, ამ ძვირფასი მინერალების საფასურია, ამერიკა უკრაინას არანაირ უსაფრთხოების გარანტიებს არ აძლევს. ტრამპი კი ამბობს, რომ უკრაინამ ამერიკისგან 350 მილიარდი მიიღო. აქ კორუფციაზე იყო მისი მხრიდან მინიშნებები. 

– ტრამპი ამით ცდილობს ამერიკელებს აჩვენოს, რომ აი, აქაც კი მათთვის მომგებიანი საქმე გააკეთა, მათ ფულს ტყუილად არავის აძლევს და ა.შ. ის მეთოდი კი როგორც ეს მიდის და რა ფორმაც ამას მიეცა, არ არის მომგებიანი სვლა. ამით ტრამპმა მთელს მსოფლიოს აჩვენა, რომ ის პოლიტიკა, რომელიც ამერიკას ამ ხნის განმავლობაში ჰქონდა, გაქრა. ის რბილი ძალის პოლიტიკა, რითაც ცნობილი იყო ამერიკა, ტრამპმა მოსვლის დღიდანვე, ამ განცხადებებით გააქრო. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ის მთელ მსოფლიოში მოკავშირეებს კარგავს. ტრამპი წინა პრეზიდენტობის დროს, ცდილობდა ჩრდილო კორეის ლიდერთან კიმ ჩეინთან ურთიერთობები დაემყარებინა.

ასეთი პოლიტიკის შედეგად კი, ტრამპის მაშინდელი ადმინისტრაციის მიმართ, სერიოზული უნდობლობა გაჩნდა. არა და ამერიკის მოკავშირე ქვეყნად ითვლებოდა. ამიტომ სამხრეთ კორეამ უფრო მჭიდრო კავშირები დაამყარა, ჩინეთთან და რუსეთთან. მხოლოდ ამერიკის იმედად დარჩენა აღარ იყო სანდო. ამიტომ ეს არის არასწორი მიდგომა ტრამპის მხრიდან, რადგან ის დაკარგავს ისეთ ძლიერ მოკავშირეებს, როგორიც ევროპაში ჰყავს. მე მაინც ვფიქრობ, ეს მღვრიე წყალი რომ დაიწმინდება, ბევრი რამ უფრო ნათლად გამოჩნდება. ამერიკა თუ უკრაინას მიატოვებს და ის დამარცხდება, ეს ამერიკის დამარცხება იქნება. მგონია ტრამპი ამ ყველაფერს ძალიან კარგად ათვითცნობიერებს, ამიტომ ბოლომდე მაინც მისი განცხადებები არ მგონია რეალობაში შესრულებადი იყოს. უბრალოდ შეეცდება მეტი პასუხისმგებლობა ევროპელებზე გადაიტანოს. ეს ნამდვილად მოხდება. ძალიან ბევრი სამუშაოა, რათა ერთობლივი კონსენსუსი მოხდეს, მე ამას ტრამპის გუნდიდან ვერ ვხედავ. მათი მიდგომაა, ან ჩემ ჭკუაზე გააკეთეთ ან წადი თქვენიც, ასეთი პოზიცია აქვს.

– ახლა ასევე დიდი  მოლოდინია ვაშინგტონში, თეთრ სახლში, დიდი ბრიტანეთის პრემიერის და საფრანგეთის პრეზიდენტის შეხვედრის მიმართ. ვიცით, რომ ბრიტანეთის პრემიერს გარკვეული სამშვიდობო გეგმა აქვს და მას ტრამპს გააცნობს. ამის შესახებ საქმის კურსშია ზელენსკი. რა მოლოდინი გაქვთ ამ შეხვედრიდან? 

– კი ბატონო გავიგე, ვთქვათ, ტრამპს მოეწონა და ამაზე დათანხმდა, რუსები თანახმა იქნებიან? – მე მგონი არა. ამიტომ მაშინ ომი გრძელდება, უკრაინა კი არ აპირებს დანებებას, კაპიტულაციის გამოცხადებას. რუსეთს კი უკრაინის დამარცხების პოტენციალი არ აქვს, რომ ჰქონოდა ამდენი ხანი დაამარცხებდა. ამიტომ ტრამპის მთელი რიტორიკა უნდა დაწყებულიყო იმაზე, რას დათანხმდება რუსეთი და რას არა. ვფიქრობ, შეცდომით დაიწყო ეს მოქმედებები. ახლა ვნახოთ სიტუაცია როგორ მიტრიალდება და მოტრიალდება. ომის გაჩერებას მე არ ვუყურებ სერიოზულად, აქ მაგაზე საუბარი არ არის. აქ არის უბრალოდ საკითხი ასე დასმული, როგორი იქნება ახალი ევროატლანტიკური ურთიერთობები. ევროპაში ამომრჩევლის აზრიც მნიშვნელოვანია და ვიცით ევროპელებს რუსეთის მიმართ სერიოზული შიში აქვს. გერმანია რომ გერმანიაა, პრესაში ყოველ დღე წერენ, რომ უნდა შექმნან თავისი საკუთარი ბირთვული იარაღი. ევროპა უკვე ფიქრობს საკუთარი უსაფრთხოების ზომების მიღებაზე.

– პუტინთან დაკავშირებით ზელენსკი ფიქრობს, რომ მას მოლაპარაკებები არ უნდა და ის უბრალოდ თამაშობს, დროს წელავს. რა არის ახლა პუტინის მოქმედების ტაქტიკა ტრამპის კვალდაკვალ? ის ასე მკვეთრად კარტებს არ ხსნის.

– კი ბატონო, არავის სჯერა, რომ პუტინს მშვიდობა სურს. ამას ამბობს მარტო ტრამპი და არ ვიცი ამას თუ ამის სჯერა, ვისაც რუსეთთან რაიმე შეხება ჰქონია, ყველამ იცის რა ცბიერ ქვეყანასთან აქვს საქმე. პუტინს უკრაინის მთლიანი დაპყრობა სურს, წერტილი, დანარჩენი ყველაფერი რიტორიკაა. რატომ ჰყვება ამ რიტორიკას ტრამპი, ამ ეტაპზე გამიჭირდება თქმა. არ მგონია ტრამპი-პუტინის შეხვედრამ  რამე შედეგი მოიტანოს და რაღაცა შეთანხმება შედგეს.

ელზა პაპოშვილი 

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები