დაგვიანებამ, რასაკვირველია უზარმაზარი ტრაგედია გამოიწვია. [8 აგვისტოს] დილის 7 საათზე უკვე უნდა დაწყებულიყო ყველა დანაყოფის მოძრაობა. შუადღეს გადაცილებული იყო და საბრძოლო მოქმედებები ჯერ არ იყო დაწყებული. ჟურნალისტები ჩამოვიდნენ და დაგვრთეს ნება, დაგვეწყო საბრძოლო მოქმედებები. ჟურნალისტები ჩემთანაც იყვნენ ტყვიავში მოსულები, ისინი მე არ შემოვუშვი, – განაცხადა სახმელეთო ჯარების სამედიცინო დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ომის ვეტერანმა ლაშა ქოიავამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების და 2008 წლის აგვისტოს ომის განხილვა მიმდინარეობს.
მისი განცხადებით, როგორც სამხედროები აფრთხილებდნენ, მოვლენები ისე წარიმართა და ცხინვალის გათავისუფლება ვერ მოხერხდა. ქოიავას შეფასებით, ამის შემდეგ კეზერაშვილმა აბსურდული ბრძანება გასცა, რაც მდგომარეობდა იმაში, რომ მე-4 ბრიგადა, რომელიც გაშლილი იყო და შეტევით მიდიოდა ზნაურისკენ, შეტრიალებულიყო 90 გრადუსით და შესულიყო ცხინვალში, ეს კი მოწინააღმდეგეს მისცემდა საშუალებას, მე-4 ბრიგადის ზურგში აღმოჩენილიყო.
„[8 აგვისტოს შუადღეზე ტყვიავში] ამ დროს დაიწყო მე-3 ბრიგადამ მოძრაობა ვანათი-ერგნეთის მიმართულებით. მე-4 ბრიგადა ჯერ გაჩერებული იყო, მე-4 ბრიგადამაც დააგვიანა მოძრაობა. მოხდა ისეთი რაღაც, ვინაიდან მე-4 ბრიგადამ დააგვიანა მოძრაობა, მე-3 ბრიგადის გადაადგილება უკვე არ შეიძლებოდა, იმიტომ, რომ მივიღებდით ძალიან ბევრ გაუმართლებელ მსხვერპლს. საბრძოლო მოქმედებები უკვე დაიწყო ინტენსიური ცხინვალში, უშუალოდ ქალაქში და როგორც ვაფრთხილებდით სამხედროები, რომ აუცილებლად ჩაიხრჩობა ცხინვალის გათავისუფლების თუ აღების ოპერაცია, ის ჩაიხრჩო – ცხინვალის გათავისუფლება ვერ მოხერხდა, იქიდან გამოიყვანეს ძალები, ეს უკვე ხდება 9-ში. კეზერაშვილმა გასცა ბრძანება, რომ მე-4 ბრიგადა, რომელიც იყო გაშლილი და შეტევით მიდიოდა ზნაურისკენ, შეტრიალებულიყო 90 გრადუსით და შესულიყო ცხინვალში. ეს უდავოდ აბსურდული ბრძანება თუ მოთხოვნა იყო, იმიტომ, რომ ბრიგადა იშლება საბრძოლო წესით. იმისთვის, რომ ის მოტრიალდეს 90 გრადუსით, მას ხუთი წუთი და ერთი საათი, შეიძლება ორი საათიც არ ეყოს. რელიეფის გათვალისწინებით, საკმაოდ დიდი დრო დასჭირდებოდა – ის დრო, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნებოდა, რაც მისცემდა მოწინააღმდეგეს საშუალებას, ზნაურიდან დაძრულიყო და მე-4 ბრიგადის ზურგში აღმოჩენილიყო. გადმოსროლილი იყო მე-2 ბრიგადა სენაკიდან ამავდროულად, რაც სამხედრო გეგმით საერთოდ არ იყო გათვლილი. მეორე ბრიგადის ამოცანა იყო ჩაეკეტა ენგური, მისი გადმოსასვლელები. ეს აუცილებელი იყო, ვინაიდან, მე-5 ბრიგადა იდგა კოდორის ხეობაში, აჟარაში და ენგურის გადმოკვეთის შემთხვევაში მოწინააღმდეგეს აბსოლუტურად თავისუფლად შეეძლო მოძრაობა სვანეთის მიმართულებით და იქ მე-5 ბრიგადა აღმოჩნდებოდა ალყაში“, – განაცხადა ლაშა ქოიავამ.
მან ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სამხედროები ცდილობდნენ, კეზერაშვილის ბრძანება არ გადაეცათ მე-4 ბრიგადის მეთაურისთვის, თუმცა, თავდაცვის იმდროინდელი მინისტრი მეთაურს თავად დაუკავშირდა და ისიც იძულებული გახდა, ბრიგადის შემოტრიალება დაეწყო, რამაც სრული ფიასკო გამოიწვია.
“მე-4 ბრიგადის დახურვა სცადეს სამხედროებმა, სახმელეთო ჯარების სარდალიც, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეებიც რაღაცნაირად ცდილობდნენ, არ გადაეცათ მეოთხე ბრიგადის მეთაურისთვის ეს ბრძანება, რომელიც მომდინარეობდა კეზერაშვილისგან, მაგრამ მერე თვითონ დაელაპარაკა ტელეფონით და ეს ბრძანება მისცა. მეოთხე ბრიგადის მეთაური იძულებული იყო, დაეწყო ბრიგადის შეტრიალება, რამაც, რასაკვირველია, ფიასკო გამოიწვია, იმიტომ, რომ ბრიგადა სრულად აირია. ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო იმისა, რომ იქ ყველაფერი ასე ტრაგიკულად დამთავრდა. ამ დროს, როდესაც ბრიგადა მოტრიალდა და წავიდა ცხინვალის მიმართულებაზე, მე-3 ბრიგადა უკვე იძულებული იყო, გამოსულიყო საბრძოლო მოქმედებებიდან, მისი დარჩენა იქ აბსოლუტურად შეუძლებელი იყო, რამაც, მისცა საშუალება რუსის ძალებს, გადმოეკვეთათ საქართველოს საზღვარი და შემოსულიყვნენ ცხინვალში“, – განაცხადა ლაშა ქოიავამ.