ბექა პაპაშვილი განმარტავს, რომ პირადად მემანიშვილმა დააკავა ის. წინა აქციებზეც შეჰპირდა მას, რომ დააკავებდა, როცა ის მასთან ახლოს იქნებოდა, – ამის შესახებ უფლებადამცველმა ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მოქალაქეები ძალის გამოყენებით, კანონდარღვევით დააკავეს.
“ბექა პაპაშვილი განმარტავს, რომ პირადად მემანიშვილმა დააკავა ის და ანგარიშსწორება მოახდინა მასზე, რადგან წინა აქციებზეც შეჰპირდა მას, რომ დააკავებდა, როცა ის მასთან ახლოს იქნებოდა და სწორედ გუშინ აღმოჩნდა მასთან მემანიშვილი ახლოს და გამოიყენა შესაძლებლობა და დააკავა უკანონოდ.
რაც შეეხება მაღრაძეს, მაღრაძეც მემანიშვილმა დააკავა. მემანიშვილი გუშინ საოცრად გაცოფებულად იქცეოდა და ეს რას მივაწეროთ, არ ვიცი. მაღრაძეს კისერში მოუჭირა ხელი და ისე წაიყვანა მანქანამდე, რაც არის კანონდარღვევა, არ შეესაბამება დაკავების წესებს და ეს არის ძალადობრივი დაკავება”, – განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.
რესტორან “ბაბილოსთან” 12 იანვარს დაკავებული 9 მოქალაქის ნაწილი დიღმის იზოლატორში, ნაწილი ზაჰესის დროებითი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. დაკავებულთა შორის არიან “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები – ტიტე გედენიძე, შაკო მაღრაძე და ბექა პაპაშვილი.