სასტუმრო “ყვარლის ტბა” განცხადებას ავრცელებს.
“გვსურს გამოვეხმაუროთ დეზინფორმაციას, რომელიც მედიაში ვრცელდება!
ვაცხადებთ, რომ ლავროვის შვილის სტუმრობა ყვარლის ტბაზე არ შეესაბამება სიმართლეს, არც ლავროვის გვარით გვიფიქსირდება სტუმარი და არც აქამდე დაფიქსირებულა.
სამწუხაროდ, მედიის საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს!”, – წერს სასტუმრო.
ტელეკომპანია “მთავარი არხის” ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შვილი ეკატერინა ლავროვა და მისი ოჯახის წევრები საქართველოში ქორწილისთვის ჩამოვიდნენ.
არხის ინფორმაციით, კახეთში ქორწილს ლავროვის სიძის ალექსანდრ ვინოკუროვის ძმა იხდის. მიკა ვინო, იგივე მოშე ვინოკუროვი თბილისში იმყოფება და როგორც მისი ინსტაგრამიდან ჩანს, მან თბილისში პარტნიორთან ხელი უკვე მოაწერა.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ლავროვი და მისი ოჯახი, მათ შორის შვილი დასავლური სანქციების ქვეშ იმყოფება.