ლაზარე გრიგორიადისის განაჩენი ხვალ, 12 აპრილს, 10:00 საათზე გამოცხადდება, – ინფორმაციას ლაზარეს დედა თამთა კალანდაძე ავრცელებს.
ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში 8 აპრილს დასრულდა.
მას ბრალი გასული წლის 30 მარტს წარუდგინეს, 31 მარტს კი წინასწარი პატიმრობა მიესაჯა.
ლაზარე გრიგორიადისს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) აქვს წარდგენილი. დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.