მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიუსაჯა.
ოჯახის წევრები და ადვოკატები აცხადებენ, რომ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების თხოვნით დღესვე მიმართავენ.
ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2023 წლის 31 მარტს შეეფარდა.
შსს-ს მტკიცებით, მან 7 მარტის საპროტესტო აქციაზე ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელების მიმართ, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მას ასევე ბრალი ედება პოლიციის კუთვნილი მანქანის დაწვაში.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობდა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.