უკმაყოფილო სომეხი გულშემატკივარი საკუთარი ფედერაციის პრეზიდენტს მიმართავდა, თუმცა რატომღაც ქართველმა გულშემატკივარმა გამოხატა აგრესია, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლია ჯეჯელავამ საქართველო-სომხეთის ნაკრებების მატჩის შემდეგ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, სამართალდამცველებს არანაირი რეაგირება არ ჰქონიათ.
“უკმაყოფილო სომეხი გულშემატკივარი საკუთარი ფედერაციის პრეზიდენტს მიმართავდა, თუმცა რატომღაც ქართველმა გულშემატკივარმაც გამოხატა აგრესია.
რამდენიმე კადრში აშკარად ჩანდა, რომ გულშემატკივრების მცირე ნაწილი სომეხი გულშემატკივრების ტრიბუნისკენ სხვადასხვა ნივთებს ისროდა. ისინი პოლიციისგან დაახლოებით ნახევარ მეტრში იდგნენ, თუმცა სამართალდამცველებს არ ჰქონდათ არანაირი რეაქცია.
როდესაც სტადიონზე ორი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები იმყოფებიან, წესით, უსაფრთხოების ზომები უნდა გაორმაგდეს.
მოქალაქეს ქუჩაში მხოლოდ ტაშის დაკვრის გამო აკავებენ, ხოლო როდესაც გაურკვეველი გზით სტადიონზე მეტალის ქილები ხვდება, ამას სამართალდამცველების მხრიდან რეაქცია არ მოჰყვება.
სიმართლე რომ ვთქვათ, ამაზე ოფიციალური განცხადებებიც დაგვიანდა. მე, პირადად, არ მომისმენია სხვა პოლიტიკური პირების შეფასებები, მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტი მოხდა სტადიონზე, სხვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანდასწრებით, რაც ორმაგად უხერხულ სიტუაციას ქმნის.
საზოგადოების დიდ ნაწილს ჰქონდა აბსოლუტურად ჯანსაღი რეაქცია იმაზე, რაც მოხვდა. ეს იყო სირცხვილის, უხერხულობის განცდა და გარკვეული სინანული”, – განაცხადა ჯეჯელავამ.