spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ლევან ალაფიშვილი – თავადვე ყველაზე კარგად იციან, რომ ისევ მკვდრადშობილ კანონს მიიღებენ, ერთ პარტიას თუ აკრძალავენ, ეს ხალხი წავა და სხვადასხვა პარტიებში გაწევრიანდება

ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და  მათთან აფილირებული სხვა პოლიტიკური პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილება ერთი თვით გადაავადეს. ამის  მიზეზად საგამოძიებო კომისიას ასახელებენ და მისთვის მანდატის გაგრძელებას. შესაბამისად ამბობენ, რომ ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. თუმცა ამის შემდეგ მის აკრძალვას აპირებენ.  რატომ შეცვალა ხელისუფლებამ გადაწყვეტილება და მათ მიერ დასახელებული არგუმენტი რამდენად მისაღებია? თუ ამ გადაწყვეტილებაში სხვა პოლიტიკური მოტივი  იკითხება? ამ და სხვა საკითხებზე Front News-თან ინტერვიუში კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი საუბრობს.

– თქვენ რა მოტივი დაინახეთ ხელისუფლების შეცვლილ პოზიციაში და რამდენად სარწმუნოდ მიგაჩნიათ მათი არგუმენტები?

– საერთოდ დემოკრატიულ ქვეყნებში მიუღებელია, რომ საკანონმდებლო დონეზე, ასეთი უხეში ჩარევის ფონზე, რაღაცა გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული. მით უმეტეს, ამხელა პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა საუბარი. შესაძლოა, ეს გადაწყვეტილებაც „ოცნებას“ რუსული კანონის მსგავსად დაუბრუნდეს, როცა არ გამოადგათ და სამართლებრივად მან საერთოდ არ იმუშავა. ამიტომ ახლა დასჭირდათ სრულიად ახალი “ფარას“ კანონი. ამიტომ ამ გადავადების ერთ-ერთი მიზეზი ესეც მგონია. მოდი მივყვეთ დეტალებს, „ოცნება“ როგორ ატყუებს საკუთარ ამომრჩეველს. პარტიის აკრძალვის  შემდგომ, გაქრებიან ნაციონალები, ის პოლიტიკური ლიდერები აორთქლდებიან ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან, თუ რას იზამენ? აღარ მიიღებენ შემდეგ კიდევ სხვა პარტიის სახელით არჩევნებში მონაწილეობას? ამ ყველაფრის სამართლებრივი შინაარსი არ მესმის შედეგის თვალსაზრისით.

– “ოცნება” ამბობს, რომ არა მხოლოდ პარტიას აკრძალავს, არამედ ამ პარტიის ლიდერებს, რომლებიც ამ დანაშაულებრივ საქმეებში ბრალდებულები იქნებიან, პოლიტიკური საქმიანობის და პარტიის შექმნა აეკრძალებათ. ამას ვერ შეძლებენ სამართლებრივად?

– დავუშვათ ხვალ კანონი მიიღეს, სასამართლო კრძალავს კონკრეტულ პარტიას. ანუ რომელიღაცა რეგისტრირებულ ორგანიზაციას. პარტია რა არის სინამდვილეში, იდეების გარშემო გაერთიანებული ხალხი, მოქალაქეები არიან. ამ ადამიანებს, პარტიაში 200, 100 ან უფრო მეტი წევრი ჰყავთ. ამ მოქალაქეებს, სასამართლო ყველას სახელობითად პარტიის შექმნას უკრძალავს? პოლიტიკურ ცხოვრებას აუკრძალავს? მაგალითად მე და თქვენ X პარტიის წევრები ვართ. ეს პარტია სასამართლომ აკრძალა, ჩვენ პირადად ეს არ შეგვეხება. უფლება მაინც გვექნება შევქმნათ პარტია, ან რომელიმე სხვა პარტიაში გავწევრიანდეთ, არჩევნებში მივიღოთ უპრობლემოდ მონაწილეობა. სასამართლო ამას არ აგვიკრძალავს. მოსამართლის გადაწყვეტილებაში ეს არ იქნება ჩაწერილი. ეს სასამართლოს მსჯელობის საგანი არ იქნება.

– რომ დავაკონკრეტოთ, მაგალითად „ოცნებამ“ დააყენოს ასეთი მოთხოვნა სასამართლოზე,  მიხეილ სააკაშვილს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას და სხვა მათთან დაკავშირებულ პოლიტიკურ ლიდერებს პოლიტიკური საქმიანობა აეკრძალოს, პარტიის ხელახლა შექმნის უფლება არ მიეცეთ, ამას სამართლებრივად ვერ შეძლებენ?

– გამორიცხულია, დემოკრატიაში ასეთი საშუალება არ არსებობს. საქართველოში კი არა მსგავსი რამ რუსეთშიც არ არის. რუსეთში კრძალავენ პარტიებს, მოქალაქეს პოლიტიკურ საქმიანობას იქაც ვერ უკრძალავენ. ამას კრემლი ფორმალურადაც ვერ აკეთებს. ახლა მარტივად ავხსნი, მაგალითად, სახელმწიფოს აქვს მონაცემები კონკრეტულად ამა თუ იმ პარტიას რამდენი წევრი ჰყავს დეტალურად ვინ არის ეს ხალხი და მათი სახელი და გვარები თუ იცის? ეს იცის ერთადერთმა პარტიის ხელმძღვანელობამ. ახლა წარმოიდგინეთ თითოეულ მოქალაქესთან დაკავშირებით საკანონმდებლო ჩანაწერი უნდა გააკეთონ, რომ მათ პოლიტიკურად საქმიანობა აეკრძალოთ, ამას ვერ გააკეთებენ. მაშინ სასამართლომ უნდა იმსჯელოს ამაზე. თუმცა საქართველოს კონსტიტუცია, საკონსტიტუციო სასამართლოს, ამდაგვარ უფლებამოსილებას არ განუსაზღვრავს. საკონსტიტუციო სასამართლოს, მხოლოდ პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობის აკრძალვა შეუძლია.

საბოლოო ჯამში ტომი და ჯერის დაემსგავსება ეს ყველაფერი. ამიტომ ხელისუფლებამ სახე რომ შეინარჩუნოს, გამოსავალს ეძებს. თავადვე ყველაზე კარგად იციან, რომ ისევ მკვდრადშობილ კანონს მიიღებენ. ერთ პარტიას თუ აკრძალავენ, ეს ხალხი წავა და სხვადასხვა პარტიებში გაწევრიანდებიან. იმას აკრძალავენ, კიდევ სხვაში გაწევრიანდებიან, ან შექმნიან ახალს და ასე გაგრძელდება. კანონით ამას ვერ აუკრძალავენ. ეს იქნება გზა უსასრულობისა და დაცინვისკენ. მშვენივრად იციან, რომ საკუთარი ამომრჩევლის წინაშე ძალიან ნეგატიურად წარმოჩნდებიან და სახე რომ შეინარჩუნონ, ვითომ გადაავადეს ამ პარტიების გაუქმება. თუკი ამ პარტიების საქმიანობა ანტიკონსტიტუციურია და მერე მაინც უნდა გააუქმონ, ამ პარტიების არჩევნებში მონაწილეობა რა შუაშია.

– ხელისუფლებამ გრანტების გაცემის კუთხით კანონის კიდევ უფრო  გამკაცრება გადაწყვიტა. გამოდის, რომ ხელისუფლების ნებართვის გარეშე გრანტების მიღება შეუძლებელი გახდება. რა კრიტერიუმებით შესაძლოა, მმართველმა გუნდმა არასამთავრობო ორგანიზაციებს გრანტის მიღების უფლება მისცეს და რეალურად იმუშავებს თუ არა ეს კანონიც? 

– პირველი რუსული კანონი ვახსენე, რომელზეც ვისაუბრე, რომ არ იმუშავა და ამაზე გულდათუთქულმა მდინარაძემ გვაცნობა. მან აღიარა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები მომზადებულები დახვდნენ და ვერ გამოიყენეს ეს კანონი. ამდაგვარი შესაძლოა, გრანტებთან დაკავშირებითაც მოხდეს. პირველი, გრანტებზე როდესაც არის საუბარი, დონორები ხომ უცხო ქვეყნის სახელმწიფოები და რეზიდენტები არიან. წარმოიდგინეთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას, რომელიმე ქვეყნის სახელმწიფომ, დავუშვათ ესტონეთმა, უფლება უნდა სთხოვოს  მისივე გრანტის გაცემაზე. საქართველოს მოქალაქეს, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელობას შეუძლია, წავიდეს და პირდაპირ ეს გრანტი იმ სახელმწიფოში აიღოს, რომელიც გასცემს. მათსავე ქვეყანაში გააფორმოს და იქ აიღოს გრანტიც. რას უზამს საქართველოს ხელისუფლება? ვერაფერს, ამის არანაირი ბერკეტი არ ექნება. ხომ არის რაღაცა გონივრულობის ზღვარი, სადაც დასაცინი თავი არ გაიხადო. ზუსტად ხვრელები რომ რჩებოდა იმ რუსულ კანონში და ძალიან მაღალ დონეზე მოემზადნენ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, ამიტომაც ვერ იმუშავა იმ კანონმა. ზუსტად ამიტომ მიიღეს ისევ მეორე, თუმცა ვერაფერი შეიცვლება. საქართველოს იურისდიქციაში თუ არა ვარ, რას მიზამენ? ვერც ვერაფერს.

– მაგალითად ხელისუფლება ამ კანონის გამკაცრების მოტივს ასე განმარტავს, რომ მათ ეს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების გასაკონტროლებლად სჭირდება, რომლებიც პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას ახერხებენ. აფილირებულები არიან პოლიტიკურ პარტიებთან და ქვეყანაში რევოლუციური და არეულობის  სცენარების დაგეგმვაში იღებენ მონაწილეობას. მესამე სექტორის გავლით, ფულის უკონტროლოდ შემოსვლის გაკონტროლება სურთ. ამას ვერ შეძლებენ?

– განვიხილოთ ორი სცენარი და ავხსნათ რას შეძლებს ხელისუფლება. მაგალითად, მე წავედი და საგრანტო კონკურსში მივიღე მონაწილეობა ესტონეთში, რომელიც კავკასიის ქვეყნებში დემოკრატიის განვითარებისთვის გრანტს გასცემს. იმავე ქვეყანაში ავიღე  გრანტი. ან მაგალითად სომხეთის საელჩომ გამოაცხადა და საელჩოში მივედი და ეს გრანტი სომხეთის კანონმდებლობის გათვალისწინებით  ავიღე. ამ ქვეყნების კანონმდებლობის შესაბამისად იქვე გავაფორმე ეს გრანტი, იურიდიულადაც იმ სივრცეში ვარ, იმ ქვეყნის კანონმდებლობით ვმოქმედებ. ვის რა ეკითხება, რას იზამს საქართველოს ხელისუფლება? საბანკო ანგარიშიც იქ გავხსენი, ჩამოვედი მერე აქ გავხსენი. როგორ გამიკონტროლებს „ოცნება“ ამას? მე მექნება უკვე ვალდებულება იმ ქვეყნის, სადაც ეს საგრანტო ხელშეკრულება გავაფორმე. ეს არის ისეთი მარტივი საკითხი, ამას იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტიც კი მიხვდება.

– “ოცნებაშიც“ ხომ კარგად ხვდებიან ამ ლაფსუსებს, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები გამოიყენებენ. ხელისუფლებაშიც არიან კარგი იურისტები და მათ ეს მშვენივრად უწყით. მაშინ რატომ აკეთებენ ამას? 

– ამას აკეთებენ რამდენიმე მიზეზის გამო. ალბათ, პირველი არის ის, რომ მესამე სექტორი იქნებ დააშინონ, როგორც ამას მაგალითად ჯარიმების დაწესების შემთხვევაში აკეთებენ. ახლა წრე რომ შეიკრას, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ასევე საგამოძიებო კომისია, რომელიც ჩვეულებრივი ფარსია და მას არანაირი სამართლებრივი დატვირთვა რეალურად არ აქვს. ეს არის საკუთარი ამომრჩევლისთვის რაღაცის დამტკიცების მცდელობა. უფრო ეს არის მათი მოტყუების მეთოდი, როცა ერთ კანონს იღებ და მან არ იმუშავა, იღებ მეორეს და ამაზეც იცი რომ ვერ აამოქმედებ, რადგან მასში სერიოზული ლაფსუსებია. მაშინ რა გამოდის? თუ არა საკუთარი მხარდამჭერების მოტყუება. რეალურად ძველ თემას აცოცხლებენ, ნაციონალების გაუქმების შესახებ, მას სხვადასხვანაირად ფუთავენ  და აჩენს იმის ილუზიას, რომ ვითომ ვიღაცას აკრძალვას უპირებენ. ამ ყველაფრის მიზანი კი  საბოლოო ჯამში არის ის, რომ რამენაირად საკუთარი ელექტორატის შენარჩუნება  შეძლონ.

ელზა პაპოშვილი

 

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები