რაც არ უნდა ცვლილებები განახორციელონ, საზოგადოების გადაწყვეტილება ცალსახაა, ამ საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნება” უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან, – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ახალ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებით “ქართული ოცნება” საზოგადოების მოტყუებას ცდილობს,
“ივანიშვილის პარტია ახალ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებით ცდილობს, პრაქტიკულად ისევ მოატყუოს საზოგადოება. ისინი ფიქრობენ, რომ ფსევდომაჟორიტარების სისტემა შემოიღონ, რომელიც ინტეგრირებული იქნება პროპორციულ საარჩევნო სისტემაში და ასე შეძლონ ხმების მოპოვება და ხმებით მანიპულირება, თუმცა რაც არ უნდა ცვლილებები განახორციელონ, საზოგადოების გადაწყვეტილება ცალსახაა, ამ საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნება” უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
“ქართული ოცნების” ინიციატივით, უქმდება საკრებულოს მაჟორიტარების ასარჩევი 40 %-იანი ბარიერი. პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს.