მივმართავ შსს-ს მინისტრს, გომელაურს, მიიღოს გადამწყვეტი ზომები ამ კრიმინალური ჯგუფების წინააღმდეგ. 112 არ მუშაობს, პოლიცია არის უმოქმედო. გლდანში ახალგაზრდა დამკვირვებლებზე ძალადობენ, ძალადობენ თბილისში და რეგიონებში საქართველოს მოქალაქეებზე. ეს არ არის სამართლიანი საარჩევნო გარემო, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პრაქტიკულად 112 დღეს საქართველოში არ მუშაობს, რადგან შედის ზარი, რომ გამოიძახონ პოლიცია, მაგრამ რეაგირება არის ნული.
“ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ არის აგონიაში. მათივე წინასწარი მონაცემებით “ქართული ოცნება“ აგებს არჩევნებს, ამიტომ ის ძალადობა, ის ორგანიზებული თავდასხმები, რომელიც ძალადობრივი ჯგუფების მიერ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან, პრაქტიკულად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მეტყველებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ აგებს არჩევნებს და ერთიღა დარჩენიათ მათ, რომ ძალადობით რამენაირად შეაჩერონ საქართველოს მოქალაქეების ის ნაკადი, რომელიც უბნებთან არის. მადლობა თითოეულ მოქალაქეს იმისთვის, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ვხედავთ, რიგებს უბანზე, რადგან დღეს წყდება საქართველოს ბედი, საქართველოს ევროპული მომავლის ბედი და ეს ადამიანები, კრიმინალური ჯგუფები, ორგანიზებული ჯგუფები, „ქართული ოცნების“ ზონდერები ცდილობენ საქართველოს წაართვან ევროპული მომავალი. თქვენ ხედავთ, რომ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ვართ ყველა უბანზე, ყველა უბანზე ვიცავთ ჩვენი მოქალაქეების ხმებს, ამიტომ გვჭირდება თქვენი თანადგომა, დარჩა რამდენიმე საათი და ჩვენი გამარჯვება, ჩვენი ევროპული საქართველოს გამარჯვება გავაფორმოთ დღეს.
ახლა რაც შეეხება კონკრეტულად საარჩევნო უბნებთან გამოკვეთილ ტენდენციებს, პირველი ეს არის პოლიციის უმოქმედობა. მივმართავ შსს-ს მინისტრს, გომელაურს, თუ მას მუნდირის ღირსება შერჩენია, მან უნდა მიიღოს გადამწყვეტი ზომები ამ კრიმინალური ჯგუფების წინააღმდეგ. თბილისში და რეგიონებში ძალადობენ საქართველოს მოქალაქეებზე, ეს არ არის თავისუფალ გარემოში ჩატარებული არჩევნები, ეს არ არის სამართლიანი საარჩევნო გარემო და პოლიციას, შს მინისტრს აქვს პასუხისმგებლობა, რომ მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. ვხედავთ თუნდაც ისნის უბანზე მომხდარ შემთხვევას, როდესაც ბოდიში „ებლატავებიან“ პარლამენტის წევრს, ლევან ხაბეიშვილს, რომელიც მოუწოდებს პოლიციას კანონი დაიცვას და პოლიცია როგორ ებოდიშებიან და აცილებენ ნიღბიან პირებს. ეს არის პოლიციის სავალალო სახე და პასუხისმგებლობა ეკისრება შს მინისტრს გომელაურს. გამოვიდეს და კონკრეტული ბრძანებები გასცეს ამ ადამიანების დასაკავებლად. ჩვენ ვნახეთ გლდანში მომხდარი ძალადობა, სადაც ორგანიზებული ჯგუფები ტურებივით ესხმიან თავს ახალგაზრდა დამკვირვებლის და მათზე ძალადობენ, მათი ვინაობა იდენტიფიცირებულია და გლდანის პოლიცია ვალდებულია დაუყოვნებლივ დააკავოს ეს ადამიანები ხულიგნობის, საარჩევნო პროცესის ხელის შეშლის და უამრავი სხვა სისხლის სამართლის მუხლით ვალდებულები არიან ისინი შესაბამისი რეაგირება მოახდინონ. პრაქტიკულად 112 დღეს საქართველოში არ მუშაობს, რადგან შედის ზარი, რომ გამოიძახონ პოლიცია, მაგრამ რეაგირება არის ნული“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.