დღეს რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისას გვჭირდება ერთიანობა და ეს არის ის მთავარი ბერკეტი, რომლისაც ეშინია “ქართულ ოცნებას”, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საჭიროა კოორდინაციაში სამოქალაქო სექტორის ჩართულობაც.
“ყველას გვაერთიანებს ერთი რამ – დღეს რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისას გვჭირდება ერთიანობა და ეს არის ის მთავარი ბერკეტი, რომლისაც ეშინია “ქართულ ოცნებას”. ამიტომ, ფორმალური ერთიანობა როდესაც ვერ ხერხდება მნიშვნელოვანია საქმიანობის კოორდინაცია და ყველამ გამოვიყენოთ ჩვენი რესურსი.
მარტო პრობლემებზე არ ვისაუბროთ, ჩვენ გვაქვს კარგი წარმატებები, მათ შორის საგარეო მიმართულებით და შედეგები – ამ ხელისუფლების არაღიარება, სანქციები, ცალკეული რეზოლუციები – არის პარტიების კოორდინაციის წვლილი და შედეგი. ახლა მნიშვნელოვანია, რომ შიდა პოლიტიკურ პროცესებშიც მივიღოთ მაქსიმალური შედეგი პოლიტიკური პროცესის თვალსაზრისით.
რაც უფრო მეტი ახალი ადამიანი შემოვა პოლიტიკაში, მით უკეთესი. ეს ჯანსაღი პროცესია. მნიშვნელოვანია, კოორდინაციაში სამოქალაქო აქტივისტებიც ჩართული იყვნენ იმიტომ, რომ რეჟიმს სჭირდება სერიოზული წინააღმდეგობა, ერთიანი პოლიტიკური ჩარჩო”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.