საერთაშორისო საზოგადოება დღეს ბოდიშს უხდის საქართველოს 2008 წელს განვითარებული მოვლენების გამო და იმ შეფასებების გამო, რომელიც ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან იყო, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
“დღეს მძიმე დღე არის იმდენად, რამდენადაც ჩვენმა გმირებმა პირადი თავგანწირვით საქართველოს მოუპოვეს მშვიდობა, დამოუკიდებლობა, ევროპული პერსპექტივა და მომავალი. ამავდროულად დღეს, საერთაშორისო საზოგადოება ბოდიშს უხდის საქართველოს 2008 წელს განვითარებული მოვლენების გამო და იმ შეფასებების გამო, რომელიც ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან იყო. უკრაინის ამბებმა, ომმა დაადასტურა, რომ საქართველო 2008 წლის ომში იცავდა თავს, რუსეთი კი აგრესორია. დღეს ეს ყველაფერი ცნობილი არის საერთაშორისო საზოგადოებისთვის. დღეს ჩვენ პატივი უნდა მივაგოთ ჩვენი გმირების ხსოვნას, რადგან მათ მოუპოვეს საქართველოს მშვიდობა, დამოუკიდებლობა და ევროპული პერსპექტივა შეუნარჩუნეს”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა. 5-დღიან საომარ მოქმედებებს 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის 170 – სამხედრო, შსს-ს 19 თანამშრომელი, 244 – სამოქალაქო პირი, დაიჭრა 2 234 ადამიანი. ომის შემდეგ, 26 აგვისტოს რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის – აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის “დამოუკიდებლობა” აღიარა.